თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოს მორიგი კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მოსამზადებლად ეწვივნენ, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური სამშაბათს, 22 სექტემბერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ქრისტიან ურსესთან (Cristian Urse) და ევროსაბჭოს წევრებთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, შეეხნენ რუსეთისადმი მიმართვის საკითხს, რომ მან უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე. მიმართვა 2015 წლის 12 მაისს გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.
შეხვედრის დასასრულს, დავით დონდუამ სტუმრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კვარტალური ანგარიში (2015 წლის აპრილი-ივნისი) გადასცა.
თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა.