თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თაღლითობისა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით შშ–მ 43 პირი დააკავა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ბრალდებულებმა ფასდაკლებების ერთ-ერთ ვებგვერდზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება და პროდუქცია შეიძინეს. გადახდის დროს მათ ვებგვერდის ელექტრონული საგადახდო დავალების სისტემაში ხელოვნური ჩარევის გზით, თანხის ველში უკანონოდ შეიტანეს ცვლილება და პროდუქციის რეალური ღირებულების ნაცვლად 0,01 თეთრი მიუთითეს.
„ბრალდებულები, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, მიზერულ ფასად შეძენილ მომსახურებასა და პროდუქციას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. მათ მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, ფასდაკლებების კომპანიამ დიდი ოდენობით — 95047 ლარის მატერიალური ზიანი მიიღო. ყველა ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი, 180-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით).