ღარიბაშვილი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ვალუტის რყევასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 22 სექტემბერი –  Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ვალუტის რყევასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ლარმა უკვე თავის პიკს მიაღწია“ და ვითარების გაუარესება მოსალოდნელი აღარ არის. 

ეროვნული ლარის კურსის დაცემა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. მაშინ ხელისუფლებამ ინვესტიციების მოსაზიდად ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, მომავალში ლარის დევალვაციის აღსაკვეთად, დამატებითი რეზერვები იქნება გამოყენებული.

ზაფხულის სეზონის დასაწყისში ლარი მეტნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, ივლისის შუა რიცხებიდან კურსის დაცემა კვლავ დაიწყო – აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსი 2,25 იყო. აგვისტოში კი ამ მაჩვენებელმა 2,30–2,35 ლარს მიაღწია. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,44 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 21 სექტემბერს ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 2,44 გახდა.

„ლარის კურსმა პიკს მიაღწია, ამ ეტაპზე კრიზისულმა პერიოდმა ჩაიარა. ყველა პროგნოზისა და ანალიზის გათვალისწინებით, სიტუაცია უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან ხელოვნური უწოდა ლართან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს, რაშიც ეროვნული ბანკი, მედია და ექსპერტები დაადანაშაულა. „ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ეცდებიან სიტუაციის გაკონტროლებას. მთავარია – სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავყვეთ ემოციებსა და აჟიოტაჟს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ მთავრობა ლარის კურსის გამყარებას უმოკლეს პერიოდში შეძლებს. „ რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა ცვლილებებმა, არც ეროვნული ბანკის მიერ კრედიტების რეფინანსირებამ სავალუტო კურსზე გავლენა არ მოახდინა“, – განაცხადა ხადურმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0