თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია და ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას, განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ორშაბათს, 21 სექტემბერს.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. ლარის გაცვლითი კურსი 2014 წლის ნოემბერში 1,7542 GEL/$1 —ს შეადგენდა. 2015 წლის 22 სექტემბრისათვის კი იგი 2,4499 GEL/$1-ს შეადგენს.
„ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს, გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია,“- განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ. „მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.