თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik . საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც პარტნიორ ქვეყანას (აშშ) მიაწვდიან ფინანსურ ინფორმაციას შეთანხმებით განსაზღვრული „ამერიკის შეერთებული შტატების პირების“ შესახებ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტების აღმოფხვრის მიზნით. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა რატიფიცირებული. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით გაფორმებულ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის ივლისში მოეწერა.
FATCA-ს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების უკეთ კოორდინირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს შუამდგომლობას საფინანსო ინსტიტუტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს შორის.
შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act) ე.წ. FATCA, ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს, მიაწოდოს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს.