თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის ხელმძღვანელობით საბერძნეთის მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებას ეცდება, მიიჩნევს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.
ციპრასი წელს მესამე გამარჯვებას ზეიმობს — კოალიცია „სირიზამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და „ახალი დემოკრატიიდან“ კონსერვატორებს შვიდ პროცენტზე მეტით მოუგო.
„ციპრასის მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის განვითარებას ეცდება, რადგანაც საბერძნეთს კრედიტები დასჭირდება, მათ შორის კრედიტები რუსეთისგან. ახალი მთავრობა რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებაში იქნება. თუმცა, სხვა მხრივ… ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს,რადგანაც ქვეყნისთვის რთული იქნება თავის ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდეს და განახორციელოს დამოუკიდებელი ფინანსურ-საკრედიტო პოლიტიკა. თუ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის ევროკავშირი ვალები საბერძნეთს მაინც დარჩება. მაშასადამე, ეს საბერძნეთის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს არ შეასრულებს“, — მიიჩნევს ჩიტაძე.
ქვეყანას მემარცხენე პოლიტიკის გაგრძელება დადებით შედეგებამდე არ მიიყვანს, რამდენადაც, საბერძნეთში არჩევნების შემდეგ იგივე ვითარება დარჩება, როდესაც ულტრამემარცხენეები მთავარი პასუხისმგებლები იქნებიან ბერძენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე, – აცხადებს ექსპერტი.
„ამ შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან იგივე პოლიტიკა გააგრძელონ, რომელმაც ბერძნული სახელმწიფო დადებით შედეგებამმდე არ მიიყვანა. საბერძნეთი იძულებული იქნება შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე. ციპრასის პარტიას სოციალურ პროგრამებზე უარის თქმა გაუჭირდება, რომელსაც საბერძნეთი დღემდე ახორციელებდა. ვალების გადასახდელად საბერძნეთი იძულებული იქნება შეამციროს სამუშაო ადგილები სახელმწიფო სექტორში, რაც მოსახლეობაში გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს“, — მიიჩნევს ექსპერტი.
საბერძნეთში კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს რიგით მეორე არჩევნებია მიმდინარე წელს. რადიკალური მემარცხენე ძალების კოალიცია „სირიზამ“ ხმათა 35,32%, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტულმა „ახალმა დემოკრატიამ“ 28,16% მოიპოვა.
წინასწარი გათვლებით, „სირიზა“ პარლამენტში 144 მანდატს იღებს, „ახალი დემოკრატია“ – 75-ს. პირველადი შედეგებით, „სირიზა“ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას პარტნიორ პარტიასთან, პანოს კამენოსის „დამოუკიდებელ ბერძნებთან" ერთად აპირებს, რომელიც პარლამენტში ხმათა 3,73%-ით გადის და 10 მანდატს იღებს. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში მანდატებს რვა პარტია იღებს.
საბერძნეთის პარლამენტში 300 დეპუტატია. პარტიების საერთო ეროვნული სიის კანდიდატები 12 მანდატს მიიღებენ, ხოლო 288 მანდატი 56 საარჩევნო ოლქზე გადანაწილდება.