თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატზე ფეხბურთში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგებითაც თბილისის „დინამომ“ სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.
მე-5 ტურში დედაქალაქის კლუბი „დინამო არენაზე“ „ზუგდიდს“ შეხვდა და დამაჯერებლად — 3:1 გაიმარჯვა. დუბლით აღინიშნა გიორგი ქვილითაია. კიდევ ერთი გოლი გიორგი გველესიანის ანგარიშზეა. სტუმართა გუნდში პრესტიჟის გოლი გურამ სამუშიამ გაიტანა.
მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა საჩხერეში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ჩიხურამ“ გორის „დილა“ მიიღო. „ჩიხურა“ მეოთხე, ხოლო „დილა“ — მეორე ადგილს იკავებს. გუნდებმა „ფრთხილად“ ითამაშეს და მაყურებელი გატანილი გოლებით არ გაუხარებიათ. თამაშის შედეგი ირაკლი მოდებაძის ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ განაპირობა. ამით საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საჩხერედან სამი ქულა წამოიღო.
ყველაზე შედეგიანი „ცხინვალისა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული მატჩი გამოდგა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მასპინძლებმა სამჯერ აიღეს მეტოქის კარი. ვასიკო ბაჩიაშვილმა ანგარიში გახსნა, ლევან კაკუბავამ უპირატესობა გააორმაგა, ხოლო ტაიმის მიწურულს თავი ირაკლი ლეკვთაძემ გამოიჩინა, მაგრამ საქართველოს ვიცე-ჩემპიონების „განადგურება“ მაინც არ გამოუვიდათ.
მეორე ტაიმის დასაწყისში, რვაწუთიანი ინტერვალით, ბათუმელებმა ორი ბურთი გაიტანეს. მათი ავტორები არიან ლუის ვიიერა და გიორგი ბერიაშვილი. დარჩენილ ნახევარ საათში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ტაბლოზე ციფრები აღარ შეცვლილა. მასპინძლების გამარჯვებამ ანგარიშით 3:2 მათ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში გადანაცვლების საშუალება მისცა.
სხვა შედეგებიდან უნდა აღინიშნოს „მერანის“ დამარცხება. ამჯერად მარტვილის გუნდმა გასვლით თამაშში „სამტრედიასთან“ 0:4 წააგო. „მერანი“ ჩემპიონატის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არც ერთი ქულა არ მიუღია. ხუთ ჩატარებულ მატჩში „მერანმა“ სულ სამი გოლი გაიტანა, თუმცა, საკუთარ კარში 18 ბურთი გაუშვა.
საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის შედეგები:
თბილისის „დინამო“ – „ზუგდიდი“ – 3:1;
„ტორპედო“ – „კოლხეთი“ – 1:0;
„ჩიხურა“ – „დილა“ – 0:1;
„გურიის“ – „საბურთალო“ – 0:0;
„შუქურა“ – „საპოვნელა“ – 4:0;
„ცხინვალი“ — ბათუმის „დინამო“ – 3:3;
„სამტრედია“ – „მერანი“ – 4:0;
„სიონი“ – „ლოკომოტივი“ – 1:0.
ამგვარად, ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში 15 ქულით თბილისის „დინამოელები“ არიან. მეორე ადგილზეა „დილა“, რომელსაც ორი ქულით ნაკლები აქვს. ლიდერთა სამეულში კი 12 ქულით „სამტრედია“ აღმოჩნდა.
რაც შეეხება აუტსაიდერებს, ცხრილის „ფსკერზე“ „მერანთან“ ერთად, „საპოვნელა“ და „ზუგდიდი“ არიან, რომელთაც თითო ქულა აქვთ.
საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტური 25 და 26 სექტემბერს ჩატარდება. ტურის ცენტრალური შეხვედრა „დილისა“ და თბილისის „დინამოს“მატჩი გახდება.