BIAFF 2015–მა გამარჯვებულები გამოავლინა

© facebook.com/BIAFFBATUMIBIAFF 2015
BIAFF 2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კინოვარსკვლავს ნასტასია კინსკის, რეჟისორ ლანა ღოღობერიძესა და მსახიობ ბაადურ წულაძეს გადაეცათ.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საავტორო კინოფესტივალ BIAFF 2015–ის გრან-პრით ბაკურ ბაკურაძის ფილმი „ძმა დეჟანი“ (რუსეთი-სერბეთი) დაჯილდოვდა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ბათუმის საავტორო კინოს X საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF 2015 – 13-20 სექტემბერს გაიმართა. წელს კინოფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის 80 ფილმი იყო წარდგენილი. კინოფორუმს სტუმრები ევროპიდან, აშშ-იდან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და აზიიდან ეწვივნენ.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე კვირას, 20 სექტემბერს გაიმართა.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კინოვარსკვლავს ნასტასია კინსკის, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს და მსახიობ ბაადურ წულაძეს გადაეცათ.

პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის შარუნას ბარტასის ფილმმა – „სიმშვიდე მხოლოდ გვესიზმრება“ (ლიტვა-საფრანგეთი-რუსეთი) აიღო.

ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგიუვენის სურათმა „მუსტანგი“. BIAFF 2015-მა საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად უგის ოლტეს „ორმაგი უცხოები“ აღიარა (ლატვია-საქართველო), ხოლო მოკლემეტრაჟიან ფილმად — უნა გუნიაკის „წიწილა“ (გერმანია-ხორვატია). ამავე სექციაში სპეციალური პრიზით აღინიშნა მეთიუ ჰეინმანის „კარტელის მიწა“ (აშშ-მექსიკა) და მოკლემეტრაჟიანი ფილმები — იულია ჰანჩარის „ადამი“ (ბელორუსია) და გიორგი წილოსანის „მზადება“ (საქართველო).

მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაჯილდოვდა — იოაჰიმ  ფელსტრუპი ფილმში  „პაწაწინა“ (რეჟისორი ოლე კრისტიან მადსენი, დანია-ხორვატია-შვედეთი-არგენტინა), ხოლო ქალის საუკეთესო როლისთვის — მსახიობთა ანსამბლი ფილმიდან „მუსტანგი“.

დაჯილდოების ცერემონიის დასკვნით ნაწილში ცნობილი ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაიტის“ მუსიკალური პერფორმანსი გაიმართა.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალ BIAFF 2015–ის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, პარტნიორია ბათუმის მერია. სპონსორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სხვა.

ბათუმის კინოფესტივალი BIAFF 2015 2006 წელს დაარსდა. არტჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებს ის ყურადღებას აქცევს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 


ყველა ახალი ამბავი
0