საქართველო: ჯაზი - ცხოვრების განუყოფელი ნაწილი (მე-3 ნაწილი)

© photo: Sputnik / Пищальников / გადასვლა მედიაბანკში"ორერა"
ორერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ ბროლაძე

საქართველოს დედაქალაქმა მსოფლიო ჯაზის რუკაზე, როგორც ჯაზური მუსიკის ერთ-ერთმა ცენტრმა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მყარად გაიდგა ფესვები. ეს ყოველწლიური ჯაზის ფესტივალის დამსახურებაა, რომელიც თბილისში 1995 წლიდან უცვლელად ტარდება. ეს რაც შეეხება შემოდგომის ფორუმებს, მაგრამ ამას გარდა, კიდევ გასათვალისწინებელია ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალები ბათუმის სანაპიროზე. სხვათა შორის, საქართველოში ჯაზური მოძრაობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, გააქტიურდა 70-იან წლებში, ხოლო 80-იან წლებში ფესტივალები ჩატარდა, რომლებმაც ჯაზის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია სენსაციური ფესტივალი 1989 წელს, რომელმაც ერთდროულად რვა ამერიკული ანსამბლი შეკრიბა და თითოეულ მათგანში ლეგენდარული შემსრულებლების — უმაღლესი რანგის ვარსკვლავების ყოფნამ — ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორ ხდებოდა ეს ყოველივე?

3. როგორ გახდა თბილისი საფესტივალო ცენტრი

გაიოზ კანდელაკი, რომელმაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსატრანსპორტო ფაკულტეტი დაამათავრა, სადაც სტუდენტობისას ახალგაზრდული კლუბი „ფიროსმანი“ დააფუძნა, მუსიკითა და კალათბურთით იყო გატაცებული. ის 23 წლის იყო, როდესაც თბილისის ქალაქის მმართველობამ ინიციატივიან ახალგაზრდას მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის განყოფილების ხელმძღვანელობა შესთავაზა. კანდელაკი მალევე შეუდგა ბარათაშვილის ხიდის ქვეშ შენობის გადასხვაფერებას, რათა იგი ახალგაზრდული კლუბის სახით გამოეყენებინათ. ასე გაჩნდა თბილისში შემოქმედებითი ახალგაზრდებისთვის პირველი „თავშესაფარი“. 

იკრიბებოდნენ ხალისით და აჩვენებდნენ სპექტაკლებს, აწყობდნენ სურათების გამოფენებს, საესტრადო, ჯაზისა და როკ-მუსიკის კონცერტებს. ალექსანდრე კილაძემ თავისი ორკესტრი შექმნა, რომელიც შემდეგ ვოკალურ ანსამბლ „ჯაზ-ქორალთან“ ერთად გამოდიოდა. იყო სხვა ანსამბლიც — „ჯაზ-ნონეტი“ (ცხრა შემსრულებლისგან). ჯაზური მუსიკის მოყვარულებსა და შემსრულებლებს ეს კლუბი განსაკუთრებით იზიდავდა, ისეთებს, როგორებიცაა კონტრაბასისტი თამაზ ყურაშვილი, მესაყვირე ენვერ ხმირევი, პიანისტები ალექსანდრე რეხვიაშვილი, ენრი ლოლაშვილი, ედუარდ ისრაელოვი, საქსოფონისტები ალექსანდრე მანჯგალაძე და სოსო კასრაძე, გიტარისტები დავით მასტერანოვი და რომან ბრეგვაძე, ვოკალისტები ირმა სოხაძე, ინგა ფერაძე და გულიკო ჭანტურია.

ერთობლივი კონცერტების ჩასატარებლად მუსიკოსებს სხვა ქალაქებიდან და რესპუბლიკებიდან — უმეტესად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან — იწვევდნენ. ჩამოდიოდნენ იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი ინსტრუმენტალისტები — მესაყვირე გერმან ლუკიანოვი, პიანისტები ლეონიდ ჩიჟიკი და მიხაილ ოკუნი, მომღერლები ლარისა დოლინა და ტატევიკ ოგანესიანი. კლუბის სიცოცხლე, რომლის პრეზიდენტიც კანდელაკი იყო, მანამდე ჩქეფდა, სანამ ის ხუთი წლის განმავლობაში ქალაქის კეთილმოწყობის განყოფილებაში მუშაობდა. შემდეგ, ახალ თანამდებობაზე მუშაობის პირველივე თვეებში მან ჯაზის საკავშირო ფესტივალის ჩატარება განიზრახა და ამ მიზანს 1978 წელს მიაღწია.

გაიოზმა პარტიული ხელმძღვანელობა ასეთი მასშტაბური ღონისძიების ესთეტიკურ მიზანშეწონილობაში დაარწმუნა, რომელიც სხვადასხვა რესპუბლიკების მუსიკოსებსა და აუდიტორიას დააახლოებდა ერთმანეთთან. და როდესაც 1977 წელს თბილისში ჯაზის საღამოები გაიმართა, იგი თავისი არსით, საერთაშორისო ჩვენება იყო, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის ერთგვარი რეპეტიცია გახდა. ამ საღამოებმა საუკეთესო შემსრულებლები შეკრიბა ვილნიუსიდან და ტალინიდან, მოსკოვიდან, კიევიდან, ერევნიდან, როსტოვიდან, და მათ, ყველამ ერთად, თბილისელ მუსიკოსებთან ერთად, გადაწყვეტილების სისწორეში ფილარმონიის დირექტორი, ჯაზის მცოდნე, ენთუზიასტი და რაც მთავარია, ენერგიული მენეჯერი დაარწმუნეს, რომ საქართველოს დედაქალაქში ჯაზმენების პირველი დიდი საკავშირო ფორუმი ჩაეტარებინათ.

ერთი წლის შემდეგ გაიმართა კიდეც — „ფესტივალი-78“, რომელიც ასობით ინსტრუმენტალისთვის, რომლებიც საკმაოდ ნიჭიერი, მაგრამ არც ისე ცნობილნი იყვნენ, თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალებად იქცა. ფესტივალში ზემოთ ხსენებული თითქმის ყველა მუსიკოსი მონაწილეობდა. სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს, სცენის მასპინძლებთან ერთად, საბჭოთა კავშირის ისტორიის განმავლობაში პირველად, საშუალება მიეცათ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, ეჩვენებინათ თავისი შემოქმედებითი დონე, გაეცნობიერებინათ ახალ-ახალი ტენდენციების არსი და განსხვავება ნაწარმოებთა სტილსა და გააზრებაში.

რაც საინტერესოა, ისინი მხოლოდ ამერიკულ მუსიკას არ ასრულებდნენ — „სტანდარტებით“ ცნობილი კომპოზიციების მნიშვნელობით, არამედ უკრავდნენ საკუთარ თხზულებებსაც. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ლენინგრადელი მულტიინსტრუმენტალისტ დავიდ გოლოშჩეკინის პიესები, აზერბაიჯანელი ვაგიფ მუსტაფა-ზადეს „მუღამი“ და „აზიზის მოლოდინში“, კონტრაბასისტ თამაზ ყურაშვილის „ყველაზე ცხელი დღე ბაქოში“, ესტონელი საქსოფონისტის ჰელმუტ ანიკოს „პაემანი“, პიანისტ ნიკოლაი ლევინოვსკის, საქსოფონისტ იგორ ბუტმანისა და სხვათა მრავალი ნაწარმოები.

მნიშვნელოვანია, რომ მაშინ ყველამ ერთი მარტივი რამ გააცნობიერა: მუსიკოსების რეგულარული შეხვედრები მათ საკუთარი ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებაში სწორი ორიენტირების პოვნის საშუალებას აძლევდა. და ყველა კმაყოფილი იყო ამ შანსით — განეცხადებინა თავისი თავის, შემოქმედების შესახებ. ფესტივალმა პრესაში, მათ შორის უცხოურშიც, ძალზე კარგი გამოხმაურება მოიპოვა. გაჩნდა ახალი სახელები, ჯაზური მუსიკის ოსტატების პოტენციალის შესახებ უფრო სრული წარმოდგენა ქვეყანაში, სადაც ის ოფიციალურად არც თუ ძალიან კულტივირებდა. თუმცა, ამა თუ იმ ანსამბლის წარმატებული გამოსვლის, მათ შორის საზღვარგარეთაც, პრეცედენტები მრავლად იყო.

ამის შემდეგ კანდელაკმა, ორგანიზატორების იმავე ჯგუფთან ერთად, თბილისის მეორე, საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება დაიწყო, რომელზეც მუსიკოსები სოციალისტური ქვეყნებიდან უნდა მოეწვიათ. ეს ფესტივალი 1986 წელს გაიმართა — ასევე აშკარა წარმატებით. მაგრამ გაიოზი უკვე უფრო „თავხედურ“ გეგმას ამუშავებდა.

 „ფესტივალი 86“-ზე ჩამოვიდნენ არა მხოლოდ მუსიკოსები, არამედ, ასე ვთქვათ, აქტიური „ჯაზის მქადაგებლები“ ექსპერტებისა და კრიტიკოსების, ჟურნალისტების სახით. პოლონელ სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა მუსიკალური ჟურნალის რედაქტორი პაველ ბროდოვსკი და საერთაშორისო ფესტივალის „ჯაზ-ჯემბორის“ ხელმძღვანელი ვარშავაში ანჯეი ბიკი, რომელთაც გაიოზ კანდელაკი უკვე იცნობდა ისევე, როგორც ულის კანოვერს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჯაზის შესახებ რადიო „ამერიკის ხმის“ გადაცემებს უძღვებოდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0