თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2015-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში დღეისათვის სულ 14,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება.
მოსახლეობის შემოსავალმა ამ მომენტისათვის 7,3 მილიონი ლარი შეადგინა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში კახეთში, ამ დროისათვის 32 ღვინის კომპანია იღებს მონაწილეობას, მათ შორის 11 სახელმწიფოს მოიჯარე კომპანია, რომლებიც ნამეტ ყურძენს იმ რაიონებში ყიდულობენ, სადაც ღვინის კომპანიები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ყურძნის გადამუშავებით. ამ დროისათვის, „რთველი —2015“-ის საკოორდინაციო შტაბში 100-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.
„რთველი 2015“-ის ორგანიზების მიზნით, 25 აგვისტოს თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მევენახეთა და მეწარმეთა კომუნიკაციას.
შტაბის ხელმძღვანელად დანიშნულია ღვინის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.
ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.
„რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის დაწყებიდან — 20 აგვისტოდან, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. სულ დარეგისტრირდა 87 კომპანია.
„რთველი 2015“-ის ფარგლებში, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირებისა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება „რქაწითელის“, „კახური მწვანესა“ და „საფერავის“ სუბსიდირებაზე.
მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა.