თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. პროგრესული როკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Prog Fest 2015 გაიმართება თბილისში შაბათს, 19 სექტემბერს, იტყობინება ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Locomotive Promotion.
ერთ დღიანი ფესტივალი 19:00 საათზე ახალ ღამის კლუბ ElektroWerk —ში დაიწყება. კლუბი ძველი ელექტროძრავების ქარხანაშია განთავსებული და ორგანიზატორთა თქმით, ადგილი ვინტაჟური და ინდუსტრიული ატმოსფეროთი გამოირჩევა და მაღალი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.
"საქართველოში პროგრესულ მუსიკას გემოვნებიანი და გათვითცნობიერებული მსმენელი ჰყავს. მიუხედავად ამისა, აქამდე ჩვენთან არ არსებობდა კონკრეტულად ამ მუსიკის მსმენელზე ორიენტირებული კონცერტები და ფესტივალები“, — ნათქვამია ინფორმაციაში.
Tbilisi Prog Fest 2015 —ის ჰედლაინერია ცნობილი ნორვეგიული პროგრესივ მეტალ ჯგუფი Leprous.
სცენაზე ასევე წარდგებიან პროგრესული ჟანრის მუსიკოსები საქართველოდან — The Light Year, The Mins, InnerHiss და სომხეთიდან — Artsruni Progressive Music Act.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი აპირებენ ყოველწლიურად გაზარდონ Tbilisi Prog-ის მასშტაბები და მასზე მთელი მსოფლიოდან მოიწვიონ პოპულარული მუსიკოსები.
კომპანია Locomotive Promotion 2008 წელს საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში სახელგანთქმული როკ ჯგუფებისა და შემსრულებლების ჩამოყვანისა და ფართომასშტაბიანი საერთაშორისო როკ ფესტივალების ორგანიზების მიზნით. სწორედ მათი დამსახურებით ჩამოვიდნენ საქართველოში Deep Purple და URIAH HEEP.