თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სირიელთა 81 პროცენტი მიიჩნევს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმირებაში აშშ–სა და მისი მოკავშირეების ხელი ურევია, აასეთი შედეგი აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც ბრიტანულმა კომპანია ORB International–მა ჩაატარა.
მოქალაქეთა 79% დარწმუნებულია, რომ უცხოელი დაქირავებული მებრძოლები სირიაში კიდევ უფრო ძაბავენ ვითარებას. ამასთან, გამოკითხულთა 22% ფიქრობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს.
მოქალაქეთა მეოთხედზე ნაკლები — 21% — ვარაუდობს, რომ ახლა მათი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მთელი ქვეყანა სრულად ექვემდებარებოდა ბაშარ ასადის კონტროლს. სირიელთა 57%–ის აზრით კი მდგომარეობა უარესდება.
ქვეყნის გახლეჩის წინააღმდეგია გამოკითხულთა 70%, ხოლო 65% დარწმუნებულია, რომ სირიელები კვლავ გაერთიანდებიან.
სირიის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი — 49% — წინააღმდეგია აშშ–ისა და კოალიციური ძალების მიერ მიტანილი საჰაერო დარტყმებისა, 51% დარწმუნებულია, რომ კრიზისი პოლიტიკური ღონისძიებებით უნდა გადაიჭრას, 64% დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება შესაძლებელია.
10 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში სულ გამოიკითხა 1365 სირიელი ქვეყნის ყველა პროვინციაში, მათ შორის იმ პროვინციებშიც, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.