თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „კრიზისული ვითარების“ რეჟიმი უნგრეთის კიდევ ოთხ ოლქში გავრცელდა. ამგვარად, ამ დროისთვის ეს რეჟიმი ქვეყნის ექვს ოლქში მოქმედებს, განაცხადა ბრიფინგზე ქალაქ სეგედში უნგრეთის მთავრობის პრეს-მდივანმა ზოლტან კოვაჩმა.
მანამდე „კრიზისული ვითარება“ გამოცხადდა ჩონგრადისა და ბაჩ-კიშკუნის ოლქებში (სერბეთთან მოსაზღვრე).
„კრიზისული ვითარება“ (ლტოლვილების ნაკადთან დაკავშირებით) ამჟამად უნგრეთის ექვს ოლქში მოქმედებს“, — განაცხადა კოვაჩმა.
კოვაჩის განმარტებით, ეს ოლქები უნგრეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში შემავალი, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრებთან მდებარე ოლქებია. ყველაზე მეტად ბალკანეთის ქვეყნებიდან შემოსული ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადისგან სწორედ ეს რეგიონები ზარალდებიან.
15 სექტემბრის შუაღამიდან უნგრეთში საზღვრების დაცვისა და მიგრაციის შესახებ კანონების ახალი პაკეტი ამოქმედდა. ახალი ზომები ითვალისწინებს საზღვრის დაცვაში ჯარის მონაწილეობას, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის სასჯელის ზომად სამ წლამდე პატიმრობას (მანამდე ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილებოდა), საზღვრის დამრღვევის უკან, სერბეთში დაბრუნებას, ასევე ლტოლვილის სტატუსის მინიჭების განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვის პროცესს და ადამიანებით ვაჭრობის ორგანიზატორებისთვის სასჯელის გამკაცრებას.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ევროკომისიის განცხადებით, ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი უმსხვილესია ყველა ამ ტიპის კრიზისს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარა.