თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ხორვატიას საკუთარ ტერიტორიებზე ლტოლვილების რეგისტრაცია და განთავსება აღარ შეუძლია, განაცხადა პარასკევს, 18 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა.
„ლტოლვილების რეგისტრაციისა და განთავსების შესაძლებლობა აღარ გვაქვს“, — განაცხადა მილანოვიჩმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ზაგრებში.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია გეგმა „ბ“ გამოიყენოს, რაც ამ ადამიანების მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან რეგისტრაციის გარეშე გადაყვანას ნიშნავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, საუბარი სლოვენიაზეა თუ უნგრეთზე, მილანოვიჩმა უპასუხა: „ვფიქრობ, უნგრეთი სამჯერ უფრო ახლოსაა“.
„მეტი რა გზა გვრჩება? საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ხორვატიის ეკონომიკა და ტურიზმი?”, — განაცხადა პრემიერმა.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 ათასი მიგრანტი ჩავიდა და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ევროკომისიის განცხადებით, ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი უმსხვილესია ყველა ამ ტიპის კრიზისს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარა. ევროკომისიის წინადადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უახლოეს ორ წელიწადში საკუთარ ტერიტორიებზე იძულების წესით 160 ათასამდე ლტოლვილი უნდა მიიღონ.