უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიევის სანქციების ახალ სიაში დაახლოებით 500 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირია შეყვანილი, გარდა ამისა, სია უხეში შეცდომებითაა შედგენილი: სიაში არარსებული კომპანიებია შეყვანილი და არეულია თანამდებობები.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ექსპერტები და პოლიტიკოსები რუსი მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ დაწესებულ სანქციებს აბსურდულს უწოდებენ: სიაში მოხვდნენ ავიაკომპანიები, რომლებსაც ფუნქციონირება შეწყვეტილი აქვთ, ლიცენზიაჩამორთმეული ბანკები და მაისში გარდაცვლილი დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომხრე.  

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოთხშაბათს რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა. სანქციები შეზღუდვებს 388 ფიზიკური და 105 იურიდიული პირისთვის, მათ შორის პოლიტიკოსების, ჩინოსნებისა და ჟურნალისტებისთვის აწესებს. სხვადასხვა სახის აკრძალვები — ქვეყანაში შესვლის აკრძალვიდან ქონების დაყადაღების ჩათვლით, ერთი წლის ვადით ამოქმედდა.

ულიცენზიო ბანკები და არარსებული ავიაკომპანიები

უკრაინის პრეზიდენტის სანქციების სიაში 28 რუსული ბანკი მოხვდა ქმედებებისთვის, რომლებიც „უკრაინის ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის რეალურ და/ან პოტენციურ საფრთხეს ქმნის, რომლებსაც მივყავართ ტერიტორიის ოკუპაციამდე, საკუთრების უფლების ექსპროპრიაციამდე ან შეზღუდვამდე, ქონებრივი დანაკარგის მიყენებამდე, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის წინაღობის შექმნამდე“. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ბანკების აქტივები უნდა დაიბლოკოს, მათ ეკრძალებათ ფინანსური დახმარების აღმოჩენა, სესხის, გარანტიების გაცემა, ფასიანი ქაღალდების შეძენა. სიაში მითითებულ ოთხ ბანკს: „ადელანტბანკი“, „ბიზნესი ბიზნესისთვის“, „მასტ ბანკი“ და „სმოლევიჩი“ – „რუსეთის ბანკის“ გადაწყვეტილებით, ლიცენციები ჩამორთმეული აქვთ.

ასეთივე ფორმით აუკრძალა პოროშენკომ რუსულ ავიაკომპანიებს რესურსების ტრანზიტი, ფრენები და გადაზიდვები უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ავიაკომპანიებია: „აკ ბარს აერო“, რომელსაც ექსპლუატანტის (საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი) მოწმობა მიმდინარე წლის დასაწყისში ჩამოერთვა და „პოლიოტი“, რომელმაც ფრენები გასული წლის მიწურულს შეწყვიტა და უკრაინაში ფრენებს არ ახორციელებდა.

ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქმედი ავიაკომპანიები, მიუხედავად შემოღებული შეზღუდვებისა, უკრაინაში ფრენებს განაგრძობენ: „რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობას რუსული ავიაკომპანიების უკრაინაში ფრენების შესაძლო აკრძალვაზე ოფიციალური უწყება არ მიუღია“.

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა თავისი „შავი სიებიდან“ გარდაცვალების გამო ბრიგადა „პრიზრაკის“ სარდალი ალექსეი მოზგოვოი ამოიღო, რომელიც ამა წლის 23 მაისს გარდაიცვალა. პოროშენკომ, მიუხედავად ამისა, ის სანქციების სიაში მაინც ჩართო. 

ჟურნალისტები

პოროშენკოს სანქციების სიაში „ტასის“ სამი ჟურნალისტი მოხვდა — მრავალი წლის მანძილზე ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელი ანდრეი შიტოვი, საერთაშორისო ინფორმაციის რედაქციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ანდრეი სურჟანსკი, რომელიც აქამდე ასევე აშშ-ში მუშაობდა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბიუროს ხელმძღვანელი ალექსანდრ ნეჩაევი. სააგენტოში დაადასტურეს, რომ ეს თანამშრომლები უკრაინის მოვლენებს არ აშუქებდნენ და ისინი იმ ქვეყნების ნიუსმეიკერებსა და მედიას, სადაც მუშაობდნენ, მხოლოდ თავიანთ მოსაზრებებს უზიარებდნენ.

უკრაინაში შესვლა აეკრძალათ „როსია სეგოდნიას“ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს — თურქეთში — ელენა პალაჟჩენკოსა და ყაზახეთში — ოლგა კოვალენკოს; მათ უკრაინული თემატიკის გაშუქებასთან კავშირი არა აქვთ და თურქეთსა და ყაზახეთში მრავალი წელია მუშაობენ. სანქციების სიაში ასევე აღმოჩნდა ივლისის თვეში სირიაში დაკარგული ესპანელი ჟურნალისტი ანტონიო პამპლიეგა შენიშვნით, რომ ის არის ესპანური გამოცემების — Quatro-ს, Pais-ისა და Confidencial-ის ჟურნალისტი. „პამპლიეგა ტყვედ ჰყავთ აყვანილი სირიაში. მან რამდენიმე მასალა დაწერა „მომავლის პლანეტის“ ინტერნეტ-სექციისთვის, სადაც უკრაინაზე მცირე შენიშვნები იყო. მაგრამ ამ გამოცემას ჩვენთან უშუალო ურთიერთობა არა აქვს“, — განაცხადეს Pais-ის საერთაშორისო განყოფილებაში.

პოროშენკომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა პორტალ „უკრაინა.რუ“-ს მთავარ რედაქტორს, უკრაინის მოქალაქე ელენა ბერეზოვსკაიას.

ძველი თანამდებობებით

სანქციების სიების შედგენისას, უკრაინელებმა რიგი შეცდომები დაუშვეს იმ პირების თანამდებობებთან დაკავშირებით, ვისაც შეზღუდვები შეეხოთ: სოფლის მეურნეობის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩევი ძველი თანამდებობით — კრასნოდარის მხარის გუბერნატორის რანგშია მოხსენებული, საერთაშორისო საკითხებში ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევი სიაში შეიყვანეს, როგორც „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი — ეს თანამდებობა მას გასული წლის ბოლოდან აღარ უკავია. რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი სიაში ორჯერ არის შეყვანილი, თანაც მასზე დაწესებული სანქციები, სხვადასხვა ნომრებით, ერთმანეთისგან განსხვავდება. 

აბსურდული თარგმანი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა სერგეი ჟელეზნიაკმა, რომელიც ასევე უკრაინული სანქციების სიაში მოხვდა, პოროშენკოს სიას დასავლეთის ქვეყნების ანალოგიური დოკუმენტების თარგმანი უწოდა. „დიდხანს კი მოუნდა კიევის ხელისუფლება დასავლეთის სანქციების სიის ინგლისურიდან უკრაინულ ენაზე თარგმნას. ალბათ, ავტომატურ მთარგმნელს მუშაობისთვის გაზი არ ჰყოფნიდა. ასეა მათთან ყველაფერი“, — განაცხადა დეპუტატმა ხუთშაბათს.

სახელმწიფო დუმაში ფრაქცია „ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა ახალ სანქციებს აბსურდის ზენიტი უწოდა. „უკრაინა, მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის სახით, ჩვენი ორი ქვეყნის დიალოგის შესაძლებლობას მაქსიმალურად ართულებს. პეტრო პოროშენკოს სანქციების ახალი სია — აბსურდის მწვერვალია“, — განაცხადა კლინცევიჩმა.

უახლესი სახელმწიფოების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა „აბსურდული“ უწოდა ვითარებას, როცა უკრაინა სანქციებს თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ აწესებს იმავე სიის მიხედვით, რომლითაც შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებს აქვთ. „კიევი მათ უცხოეთის მოქალაქეებად თვლის, თუმცა, გვესმის, რომ ისინი, ფაქტობრივად, უკრაინის მოქალაქეები არიან. როგორ შეიძლება სანქციების შემოღება საკუთარი მოქალაქეების მიმართ? რას ნიშნავს ეს — რომ მათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ? ეს აბსურდია“, — განაცხადა მარტინოვმა.

უკრაინელი ექსპერტის, სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტ როსტისლავ იშჩენკოს აზრით, სანქციების სიის შედგენისას კიევი რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმით ან ალგორითმით არ ხელმძღვანელობდა. „ვფიქრობ, ამ ვითარებაში სიები პრინციპით — „უბრალოდ, სიების შედგენაა საჭირო“ შეადგინეს: ვინც გაახსენდათ, სიაშიც ის შეიყვანეს“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0