გიგი უგულავა — თავისუფალი პატიმარი

გამოწერა
ქვეყნის მთავარი კანონი ამბობს, რომ პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა არის ცხრა თვე, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა შეიძლება შეიცვალოს. ავტორი: რობინზონ ნაჭყებია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205–ე მუხლის მეორე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ და მეექვსე ნაწილებს. კერძოდ, ქვეყნის მთავარი კანონი ამბობს, რომ პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა არის ცხრა თვე, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა შეიძლება შეიცვალოს. 

თითქოს მცირე უზუსტობაა, რომ არა ერთი „მაგრამ“. გადაწყვეტილება მიღებული იქნა თბილისის ექსმერის, რომელსაც რამდენიმე დანაშაული ედება ბრალად და რომელიც უკვე 14 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, ადვოკატების სარჩელის „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე. 

საკითხის ისტორია

უგულავას ადვოკატებმა აღნიშნული სარჩელით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის აპრილში მიმართეს. ივნისში თემიდას მსახურებმა საქმის განხილვა დაიწყეს. კულმინაცია გადაწყვეტილების გამოტანის დღეს დადგა — 15 სექტემბერს. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რჩებოდა მხოლოდ მერაბ ტურავას — კოლეგიის ერთ–ერთი მოსამართლის ხელმოწერა. ოფიციალური მონაცემებით, მოსამართლე ტურავა ავად  გახდა, ის საავადმყოფოში მოათავსეს, ვერ გაეცნო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის გამო ხელი ვერ მოაწერა მას. შესაძლოა, სწორედ  ეს გახდა სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიზეზი, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა დოკუმენტი ხმამაღლა წაიკითხა. 

აჩქარებითა სოფელი…

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, უგულავას მომხრეებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დადგენილებით ხელში მიაშურეს ეგრეთ წოდებულ, მატროსოვის ციხეს, სადაც ყოფილი მერი იყო გამწესებული. ისინი ამ დადგენილებას ლამის ყველა გზად შემხვედრს აჩეჩებდნენ, ვინც კი ხელისუფლებას წარმოადგენდა — დაწყებული ციხის უბრალო მცველიდან დასრულებული სასჯელაღსრულების მინისტრით. ვერ გაითვალისწინეს ერთი: ამა თუ იმ პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, რამდენადაც სწორედ სასამართლო წყვეტს, გაგზავნოს თუ არა პირი გისოსებს მიღმა. 

როგორ მოვიქცეთ?

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა შეუსაბამობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205–ე მუხლის მეორე ნაწილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მე–18 მუხლის პირველ და მეექვსე ნაწილებს შორის, რითაც უგულავას პატიმრობაში ყოფნის უკანონობაზე „მიანიშნა“, დადგა მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი — გამოეშვათ თუ არა ექსმერი ციხიდან. სწორედ ამ ვითარებამ დააბნია, როგორც აღმასრულებელი და სასამართლო, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ ამა თუ იმ პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა პირადად ის, არამედ ციხის დირექტორი. საკონსტიტუციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების პრესსამსახურებში არაფერი იცოდნენ გადაწყვეტილების შემდგომი ბედის შესახებ. გადაწყვეტილების აღსრულების მოწოდებით პრეზიდენტი მარგველაშვილიც გამოვიდა, რომელმაც ასევე არ მიუთითა, კონკრეტულად ვის უნდა აღესრულებინა აღნიშნული დადგენილება. საბოლოოდ, უგულავას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების  შუამდგომლობით მიმართეს. 

იპოვეს დამნაშავე? 

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2006 წლის 29 სექტემბერს აირჩიეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სწორედ ეს ფაქტორი იქცა საპროტესტო აქციის მიზეზად, რომელიც „ნაცინალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანებმა გამართეს. მათ პაპაუაშვილის სახლს კვერცხები და პამიდვრები დაუშინეს. აქციას დაკავების გარეშე არ ჩაუვლია. ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. 

რამდენ ხანს მოუწევს თბილისის ყოფილ პირველ პირს წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რომელიც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეშია ბრალდებული და რომლისთვისაც მსჯავრი ჯერ არ გამოუტანიათ — ჯერჯერობით ისევ უცნობია. თბილისის საქალაქო სასამართლო სწორედ ამ წუთებში განიხილავს უგულავას გათავისუფლების საკითხს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0