თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2015“ გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციაზე 14 ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებისა და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს გამოცდილებასა და თავიანთ კომპანიებში დანერგილ სიახლეებს გააცნობენ. საუბარი შეეხება სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში, სატრანზიტო რეგიონული ვალუტის დევალვაციისა და ბიზნეს — აქტიურობის დაქვეითებას, ასევე რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობ პროდუქტების მოზიდვას სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე. ამის შესახებ აჭარის მთავრობა იტყობინება.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ნავთობისა და მსხვილი სატრანსპორტო — ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 120-ზე მეტი დელეგატი და აგრეთვე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ამერიკიდადნ, ესპანეთიდან, ვენესუელადან, სინგაპურიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან, პანამადან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორებია საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port, Batumi Oil Terminal, Caspian Transit და GR Trans Line.