თეატრისა და კინოს მსახიობებს — ალექსანდრა როზოვსკაიასა და დენის შვედოვს დიდი ხანია რომანტიკული მოგზაურობის მოწყობა სურდათ. და აი, ამ ზაფხულს მოახერხეს კიდეც. თავდაპირველად საფრანგეთზე ფიქრობდნენ. პარიზის მიმართულებით ავიაბილეთები ხომ არც ისე ძვირია.
თუმცა, საბოლოოდ საქართველოში გაფრინდნენ, სადაც მეგობრები ეპატიჟებოდნენ. თანაც ალექსანდრას სურდა, საკუთარი თვალით ეხილა ყაზბეგის მთის ულამაზესი შემოგარენი, რომელიც აქამდე მხოლოდ ფოტოებზე ჰქონდა ნანახი.
— ერთი წლის წინ ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ქორწილი საქართველოში გადაიხადეს — იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ ადგილას, რომელსაც ყაზბეგი ჰქვია, — იხსენებს როზოვსკაია. — და როცა მათი ქორწილის ფოტოები დავათვალიერე, მაშინვე შემიყვარდა ეს არაჩვეულებრივი პეიზაჟები. იმ დღიდან ოცნებად მექცა იქ მოხვედრა. ამიტომაც, როცა დაისვა კითხვა „სად წავიდეთ?“ გადავწყვიტეს საქართველო აგვერჩია.
— რას ელოდით, როცა საქართველოში მიემგზავრდებოდით?
— ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობა და სიამოვნების მიღება გვინდოდა. პირადად მე კათარზისის მოთხოვნილება მქონდა და ამიტომ ყველა რაღაც იტალიასა და ბალის კუნძულებს მირჩევდა. ჩემი ქართველი მეგობრები კი მწერდნენ: საქართველო, საქართველოში ჩამოდით! დაგხვდებით, გასეირნებთო. საქართველო ხომ განთქმულია სტუმართმოყვარე ხალხით. ამაში საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეც დავრწმუნდით. იქ შენთვის სრულიად უცნობი ადამიანებიც კი დიდად დაგეხმარებიან.
— რითი მოგზაურობდით?
— მანქანით. ასე რომ, ვინც საქართველოში მანქანით მოგზაურობას აპირებს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს ისაა, რომ უნდა შეიძინოს ადგილობრივი სიმბარათი ინტერნეტმომსახურებით, რათა ორიენტირება შეძლოს. ჩვენ რატომღაც არ ვიყიდეთ ის, პროგრამით ვხელმძღვანელობდით და საბოლოოდ სადღაც მთებში, უღრანში ამოვყავით თავი, სადაც გზა საერთოდ არ იყო. ამის გამო ხუთი საათი დავკარგეთ იმაში, რაც შეიძლებოდა ორ საათში გაგვეკეთებინა.
— რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ აეროპორტში საბუთების გაფორმებისას?
— არა! მიდიხარ პასპორტის კონტროლზე — მიჩვეული იმას, რომ რუსეთში, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მაქსიმალურად არაკეთილგანწყობილად გხვდებიან — იქ კი მესაზღვრე მაშინვე ბოთლ ღვინოს გჩუქნის…
— ყველას?
— ყველას! თითოეულს! ბავშვებს არა, რათქმა უნდა! და იმავე წამს გიჩნდება ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობა, — ამბობს დენის შვედოვი.
— იცით, არსებობს გულის ჩაკრა — ანაჰატა, — აწყვეტინებს დენისს ალექსანდრა. — ჰოდა, საქართველო ჩემთვის გულის ჩაკრაა. ეს ქვეყანა აბსოლუტური გულია. აი, მაგალითად, ავიღოთ განსაცვიფრებელი ადამიანი, რომლისგანაც სამი დღით ვიქირავეთ ბინა და რომელიც მანამდე არასდროს გვენახა. როცა გაიგო, რომ სამი დღით ვრჩებოდით, გვითხრა, ადრიანად გადიხართ და ამიტომ სამი კი არა, ორი დღისა უნდა გადამიხადოთო. აეროპორტში გაცილებაც კი შემოგვთავაზა.
— საბოლოოდ მან აეროპორტში სრულიად უსასყიდლოდ წაგვიყვანა, — განაგრძობს დენისი. — ამასთან, წამოსვლის წინ სუნელებისა და ყველის შეძენაშიც დაგვეხმარა. თავისი მანქანით დავყავდით, გვარჩევინებდა, ყველას თავად უთანხმდებოდა. ეს ადამიანი სულ სამჯერ ვნახეთ და უკვე ნათესავი გვგონია.
— კიდევ რა რეკომენდაციებს მისცემდით საქართველოში მოგზაურობის მსურველებს?
— ჩვენ არ ვურჩევდით სასტუმროში გაჩერებას, ბინის დაქირავება სჯობს. უამრავი საიტი არსებობს, სადაც ბინის მოძებნა შეგიძლიათ. ეს ძალზე ცნობილი საიტებია, რომლებიც ძირითადად ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე ბინებს გთავაზობთ. თანაც ეს უფრო იაფია და სასიამოვნოც — ყველაფერი გარემონტებულია და ჩინებული.
— დაგეგმეთ საქართველოში დასვენება?
— რა თქმა უნდა! მეგობრების რჩევებს რომ მოვუსმინეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ყველაფრის ნახვას ვერ მოვასწრებდით და ამიტომ ორი ადგილი შევარჩიეთ — ყაზბეგი და ლოპოტა. იცოდეთ, საქართველოში თვალები გაგირბით, იმდენად ბევრია სანახავი და დასათვალიერებელი. ამიტომ სჯობს, წინასწარ შეარჩიოთ მთავარი წერტილები. თანაც თავად თბილისის გარშემო უამრავი საინტერესო ადგილია, რომლებზეც ყველაფერს მოგიყვებიან და განახებენ. ამ ადგილების დათვალიერებას მთელი დღე სჭირდება. მაგალითად, მცხეთა.
— მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოში ნებისმიერ გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია დაისვენოს, — ჩაერთო ალექსანდრა საუბარში. — გინდა უძველეს ნანგრევებს შორის იხეტიალებ, გინდა ისტორიულ ადგილებს დაათვალიერებ, გინდა წმინდა ადგილებს მოილოცავ, გინდა „გურმანულად“ იმოგზაურებ. იქ ყველაფერია. გართობის მოყვარულებისთვის კი ღამის საქართველო — ეს საერთოდ სამოთხეა. და კიდევ, ეს ქვეყანა სამოთხეა მათთვის, ვისაც სიმყუდროვე, ლამაზი პეიზაჟები და წიგნით ხელში სიმშვიდე სჭირდება. იქ მთებიცაა, აუზებიც, მუსიკაც, გემრიელი კერძებიც, კურორტებიც. და ეს ყველაფერი თითქოს თითო ნაბიჯითაა დაშორებული ერთმანეთს.
— როგორი ფასებია ქართულ რესტორნებში?
— ყოველ შემთხვევაში, მოსკოვთან შედარებით იაფი, — გვპასუხობს დენის შვედოვი. — ხოლო ფასები და ხარისხი საერთოდ არ შეეფარდება ერთმანეთს — იქ საკვები იაფიცაა და უფრო ხარისხიანიც. რა თქმა უნდა, არსებობს ადგილები, სადაც კვება მოსკოვური ფასი ღირს.
— თავიდან, მიუჩვევლობის გამო, ორ ულუფას ვუკვეთავდით, — იხსენებს ალექსანდრა, — მაგრამ მეორე დღესვე შევეშვით, იმიტომ, რომ იქ წარმოუდგენლად დიდი ულუფებია და ერთი ულუფით ორი ადამიანი თავისუფლად ნაყრდება.
— უფრო იაფია, ვიდრე თურქეთში?
— სიმართლე გითხრათ, ბილეთები თბილისისკენ იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ შევუკვეთეთ, უფრო ძვირი იყო, ვიდრე პარიზის მიმართულებით. მაგრამ თუ საჭმელსა და ტრანსპორტს გავითვალისწინებთ, საქართველო ბევრად იაფი გამოდის.
— და რა ხდება თბილისში?
— თბილისში მანქანა არც დაგჭირდებათ. ყველგან ფეხით შეგიძლია მიხვიდე. და კიდევ, თბილისში აუცილებლად უნდა ნახოთ გაბრიაძის თეატრი. იქ არის კაფე, სადაც ეროვნულ კერძებს გთავაზობენ. მაგიდების, სვეტების, კედლებისა და დარაბების დიზაინი — ყველაფერი თავად გაბრიაძის ხელითაა შექმნილი. ეს კაფე ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, — ამბობს ალექსანდრა.
როგორც გაირკვა, საქართველოში ძალიან უყვართ და უყურებენ რუსულ კინოს, თვალყურს ადევნებენ პრემიერებს. ამიტომ როზოვსკაია და შვედოვი, რომლებიც არაერთ სერიალში არიან გადაღებულნი, შეუმჩნეველნი არ დარჩენილან.
— დენისს საქართველოში უფრო ხშირად ცნობდნენ, ვიდრე მოსკოვში, — იცინის ალექსანდრა. — ძველ თბილისში ერთი რესტორანია — დიდი და ძველებული ბინა, რომელიც წარსულში რომელიღაც გენერალსა თუ სამხედრო სარდალს ეკუთვნოდა, ძალზე უჩვეულო ადგილია — ჰოდა, დენისი იქ ოფიციანტმა იცნო და სურათის გადაღება სთხოვა.
— ოღონდ ფასებში შეღავათი არ მოუცია, — ამბობს დენისი.
ორივე იცინის.
სასიამოვნო სიურპრიზები კი გრძელდებოდა. კიდევ ერთი თაყვანისმცემელი სუვენირების მაღაზიაში შეგვხვდა. „თქვენ ხომ შვედოვი ხართ!“ — იცნო დენისი გამყიდველმა ქალბატონმა.
— და ლამის უცნობი სერიალი დაგვისახელა, — გაიხსენა ალექსანდრამ. — მერე კი მაგნიტები გვაჩუქა, ფული არ გამოგვართვა.
საერთოდ, საქართველოში რუს მსახიობებს ხშირად ცნობდნენ, თანაც ისე კი არა, როგორც მოსკოვში, სადაც თუ გიცნეს, უბრალოდ ირიბად გამოგხედავენ. ქართველები ოჯახებთან ერთად მოდიოდნენ, ცოლებსა და შვილებს გვაცნობდნენ, იმპროვიზებულ ფოტოსესიებს აწყობდნენ.
— ესე იგი, საქართველოში რუსულ კინოს უყურებენ?
— რა თქმა უნდა, უყურებენ. და საერთოდ, ქართველებს ძალიან უყვართ რუსეთი და რუსები. ერთხელ ტაქსიში ჩავსხედით და უცბად მძღოლი გვეუბნება: „გერმანიიდანაც ჩამოდიან და ინგლისიდანაც, მაგრამ ისინი რაში გვჭირდება? აი, რუსებს სიამოვნებით ვატარებ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ! ისინი ყველანი ინგლისურად და არაბულად ლაპარაკობენ… ვეუბნები, რუსულად მაინც ილაპარაკეთ–მეთქი, რუსულად!“ მოკლედ, ძალიან საყვარელი ტაქსისტი იყო, ძალიან. პირველ დღეს, როცა ყაზბეგში ჩავედით, სასეირნოდ გავედით და ვიღაც ბიძა შეგვხვდა, ქართული კოლორიტით, თუ შეიძლება ასე ითქვას. ბავშვს ასეირნებდა. გზა ვკითხეთ და პირველი, რაც გვითხრა, მოდით, როგორმე დაგეხმარებით, რით შემიძლიათ გაგიმასპინძლდეთო? ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. — ამბობენ მსახიობები.
— როგორი მოგეჩვენათ საქართველო — უფრო ევროპული თუ ყოფილი საბჭოური? იქნებ სულაც კავკასიური? საით მიდის ახლა საქართველო?
— მე მგონი, საქართველო რაღაც თავისებური, ბუნებრივი განვითარებისკენ წავიდა. რა დასამალია, როგორც წესი, კავკასიელებს უფრთხიან. იქ კი ასეთი რამ საერთოდ არ არის. საქართველო ეს რაღაც განცალკევებული, წარმოუდგენლად თვითმყოფადი ქვეყანაა, სადაც ყოფნა უზომოდ სასიამოვნოა. არ არსებობს არავითარი საფრთხე. რაღაც ისეთი ქვეყანაა, სიკეთეზე აწყობილი.
— იცით, ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ საშუალო კლასი არ არსებობს, — ყვება ალექსანდრა. — იქ ან ძალიან ღარიბები არიან, ან ძალიან მდიდრები. მაგრამ, ამის მიუხედავად, არსად გადავწყდომივარ უტაქტო გამოხდომებს. იქ ადამიანებს ბავშვობიდან უნერგავენ მაღალ მორალურ ღირებულებებს, უფროსების და ზოგადად, ადამიანების პატივისცემას. საქართველოში იგრძნობა მაღალი სულიერება.
— დიახ, მათ სულიერების სულ სხვა დონე აქვთ, — ეთანხმება როზოვსკაიას შვედოვი. — რომელსაც ჩვენ მიუჩვევლები ვართ. ჩვენში ეს საერთოდ არ იგრძნობა. იქ ჩასული კი თითქოს მათამდე მაღლდები. იქაურები მკაცრად გამოიყურებიან, წვერი აქვთ მოშვებული და უზარმაზარტანიანები არიან, ბუნებით კი გახსნილი, კეთილი და ნათელი ხალხია.
— უსაშველოდ მომეწონა საქართველო, — ასკვნის როზოვსკაია. — უსაშველოდ! ჩვენს ნაცნობებს უკვირდათ, რომ, მაგალითად, კორფას კუნძულს საქართველო ვარჩიეთ. მაგრამ სურათებს რომ ნახულობენ, რომლებსაც ინტერნეტში ვაქვეყნებთ, კომენტარებში მწერენ: "საშა, რას აკეთებ?! შენ ოცნებებს გვიცვლი!“ ეს იმიტომ, რომ ადრე საქართველო აშკარად არ იყო მაღალრეიტინგული დასასვენებლად. ახლა კი ყველას უნდა იქ მოხვედრა.
— რომელი ქართული სიტყვები ისწავლეთ?
— გამარჯობა და მადლობა.
— რას უსურვებდით ქართველ მეგობრებს?
— მეჩვენება, რომ საქართველო თავისი, განსაკუთრებული გზით მიდის და არ გვიყურებს არც ჩვენ და არც სხვა მეზობლებს, მაგალითს არავისგან იღებს. ამიტომ, განვითარდით ისე, როგორც მიდიხართ! დაუშვით საკუთარი შეცდომები და მიაღწიეთ საკუთარ წარმატებებს! ღმერთმა ყველა სიკეთე მოგცეთ! საქართველო გულგრილს არავის ტოვებს და ეს ყველაზე მთავარია. ასე თუ ისე, ის აუცილებლად დაიკავებს შენი ცხოვრების რაღაც ნაწილს, გაგაოგნებს და სამუდამოდ შენთან დარჩება.