თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისელი ვეტერანები საკუთარ საყოფაცხოვრებო და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას რაიონულ ადმინისტრაციებში შეძლებენ, იუწყება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის პრეს-ცენტრი.
ვეტერანთა საქმეების სამსახურმა, თბილისის მერიასთან ერთად, დედაქალაქის ათ რაიონში სპეციალური სამსახურების შექმნა გადაწყვიტა, რომლებსაც საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტებს.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებულად იმუშავებს და თბილისში მცხოვრებ თითოეულ ვეტერანს ყველა საკითხის გადაწყვეტაში უფრო ოპერატიულად დაეხმარება“, — იუწყება პრესცენტრი.
თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ჭიალაია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ადგილზე გაეცნენ ვაკის რაიონის გამგეობაში ვეტერანების საკითხებზე მომუშავე განყოფილების აქტივობებსა და სამომავლო სტრატეგიას.