თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვში გამართული აქციის მონაწილეები მოლდავეთის მთავრობის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ამის შესახებ პლატფორმა „DA“-ს აქტივისტმა ანდრეი ნესტასემ განაცხადა.
მოლდავეთში უკვე მეორე კვირაა, სამოქალაქო პლატფორმა „DA“-ს (Demnitate si adevar – „ღირსება და სიმართლე“) წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები იმართება. ორი მასშტაბური მიტინგი 6 და 13 სექტემბერს ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ აქციებში, შესაბამისად, 40 ათასი და 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პლატფორმის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოლიგარქებზეა დამოკიდებული და ევროინტეგრაციის პროცესის იმიტირებას ახდენს. ისინი მოლდავეთის ხელმძღვანელობას გადადგომისკენ და ვადამდელი საპარლამენტო და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს. 15:00 საათზე (თბილისის დროით 16:00 საათზე) მინისტრთა კაბინეტის სხდომა იწყება. ამ დროს დავიწყებთ შენობის პიკეტირებას“, — განაცხადა ნესტასემ პრესკონფერენციაზე, რომელიც კარვების ქალაქში გაიმართა.
მან აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეები პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას მოითხოვენ, რომელსაც „DA“-ს წარმომადგენლები უნდა დაესწრონ.
ორშაბათიდან „DA“-ს წარმომადგენლებმა ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება დაიწყეს. საპროტესტო აქციები გაიმართა გენერალური პროკურატურის შენობასთან, ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის წინ. ოთხშაბათს, დღის საათებში, აქტივისტებმა ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლაი ტიმოფტის რეზიდენციის პიკეტირება მოახდინეს. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
საპროტესტო აქციები „ნონ-სტოპის“ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, მასობრივი ხასიათის აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ კარვების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, აქციებზე 50-დან 100 კაცამდე გამოდის.