თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, არ უნდა ელოდოს არაბული სამყაროდან დაძრულ მიგრანტთა ტალღას მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მათი ჩასვლა ძალზე გართულებულია, მიაჩნია მოსკოვის ფედერალური მიგრაციული სამმართველოს საზოგადოებრივ–საკონსულტაციო საბჭოს პასუხისმგებელ მდივანს იურო მოსკოვსკის.
„უბრალოდ უნდა დახედოთ რუკას. დავინახავთ, რომ ნავებით ჩვენამდე მოღწევა მეტისმეტად რთულია. უნდა გადალახო ბოსფორი, დარდანელი და საკმაოდ მძვინვარე შავი ზღვა. ან უნდა გამოიარო სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიები და კავკასიის ქედი გადმოლახო. ეს აბსოლუტურად სხვა გზაა“, — თქვა მოსკოვსკიმ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა არაბი ლტოლვილების რუსეთის პირობებთან შეგუება–მორგების უკიდურეს სიმძიმეს. „ჩვენში ძალზე მცირე შეღავათებია და არც სხვა პირობები გვივარგა. მათ ძალიან უჭირთ ევროპაში ადაპტირება, თუმცა, ინგლისური, ასე თუ ისე, ცოტა მაინც იციან, რუსულის სწავლა კი ნულიდან მოუწევთ და ეს არცთუ ისე იოლია“, — მიაჩნია ექსპერტს.
როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთში თვითმფრინავით ლეგალურად თუ არალეგალურად შეღწევის ცალკეული მცდელობები. „მაგრამ ამას ჩვენთან დასარჩენად კი არ გააკეთებენ, არამედ იმისთვის, რომ მერე ტრანზიტით განაგრძონ გზა ევროპისკენ. თანაც საუბარია ძალიან ცოტა რაოდენობაზე“, — ვარაუდობს მოსკოვსკი.
მოსკოვსკის განმარტებით, არსებობს ერთი არხი, რომლის გავლითაც არაბული ქვეყნების მოსახლეობა შეიძლება მოხვდეს რუსეთში: ადამიანებს შეუძლიათ ჩავიდნენ იქ ნათესავებთან. „ჩვენთან არაბული ქვეყნებიდან წამოსული ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დაახლოებით 7 მილიონი კაცია ჩამოსული სირიიდან. ისინი ჩვენ გვერდით უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ და თავს რუსებად მიიჩნევენ. მათ რუსი ცოლები და შვილები ჰყავთ. თუმცა არა მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც დიდი ნაკადი მოგვაწყდეს“, — განაცხადა მოსკოვსკიმ.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 350 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მათი რიგები ყოველდღიურად იზრდება ახალჩასულებით. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ეს სამიგრაციო კრიზისი უმსხვილესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ მიგრაციულ კრიზისებს შორის.