თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი მსახიობ მიხაი ვოლონტირი 82 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკ მოლდოვას“ მსახიობის ქვრივმა ეფროსინია დობინდე-ვოლონტირმა განუცხადა. მეუღლის გარდაცვალების მიზეზად მან „ხანგრძლივი ავადმყოფობა“ დაასახელა. ვოლონტირი კიშინიოვში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბოლო 2,5 თვე ვოლონტირი მუდმივ სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა ჯერ მშობლიური ქალაქ ბელცის საქალაქო საავადმყოფოში, შემდეგ კი — რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, მსახიობს, ძირითადად ასაკის გამო, ძველი დაავადება გაუმწვავდა. მანამდე ვოლონტირს გამოკვლევები სამი წლის გამავლობაში არ ჩაუტარებია.
ოთხშაბათს, 16 სექტემბერს 17:00 საათზე ვოლონტირის ცხედარს კიშინიოვის წმინდა თეოდორა სიხლიისკაიას მართლმადიდებლურ ტაძარში დაასვენებენ, სადაც ცნობილ მსახიობთან გამომშვიდობებას ყველა მსურველი შეძლებს. 17 სექტემბერს, 10:00-დან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასახლეში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
მიხაი ვოლონტირს 17 სექტემბერს კიშინიოვის ცენტრალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მიხაი ვოლონტირის ბიოგრაფია
მიხაი ვოლონტირი 1934 წელს შოლდანეშტსკის რაიონში დაიბადა. დაამთავრა ორგეევის პედაგოგიური სასწავლებელი. 1957 წლიდან ქალაქ ბელციში ალექსანდრის სახელობის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში (ამჟამად ეროვნულ თეატრში) მოღვაწეობდა. ამ თეატრის სცენაზე მან 120-ზე მეტი მთავარი როლი შეასრულა.
ვოლონტირის კინოდებიუტი ვასილე ალექსანდრის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ კომედიაში შედგა. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მას ფილმებმა „განსაკუთრებული ყურადღების ზონაში“, „საპასუხო სვლა“, „დმიტრი კანტემირი“, ტელესერიალებმა „ბოშა“ და „ბუდულაის დაბრუნება“.
ვოლონტირი იყო მოლდავეთისა და სსრკ-ის სახალხო არტისტი, მოლდავეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის, რუსეთის ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოლდოვას რესპუბლიკის ორდენის კავალერი და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრემიების მფლობელი. დასახელდა ХХ საუკუნის მოლდავური კინოს საუკეთესო მსახიობად (მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის ვერსიით).
იყო სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, მოლდავეთის სსრ-ის მე-12 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.