თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ფოთში მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი2". შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მატარებელი მგზავრებით ივსებოდა. ფოთი-თბილისის სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა. მატარებლების შეჯახების ადგილზე რამდენიმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
დაშავებულთაგან 4 საშუალო სიმძიმის ტრამვები ჰქონდა მიღებული. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მგზავრს, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზაზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.