ხუდონ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს

© RIA Novosti . Бесик Пипияენგურის წყალსაცავი
ენგურის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუდონ ჰესის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და შემდგომში „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით დაკონსერვდა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik.  ხუდონ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 15 სექტემბერს, სამშაბათს, საპროტესტო აქცია გამართეს და და მესტია-ხაიშის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება. 

 ხუდონ ჰესის მშენებლობა, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და შემდგომში „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით დაკონსერვდა. 

 ხუდონ ჰესი განლაგებულია მდინარე ენგურზე, ენგურ ჰესიდან დინების ზემოთ 30 კმ-ის დაშორებით. თავის დროზე  ხუდონ-ჰესის მშენებლობაზე 150 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 

 დღევანდელ აქციაში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები იღებდა მონაწილეობას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. აქციის მონაწილეები იმუქრებიან, რომ ადგილზე არ შეუშვებენ მუშებს და მწყობრიდან გამოიყვანენ ტექნიკას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

 "მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, ხელისუფლებამ კი ნებართვის გარეშე მისცა შესაძლებლობა ინვესტორს განახორციელოს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები“, — განუცხადა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე გიორგი ცინდელიანმა. 

 საპროტესტო აქციაზე კომენტარი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება ჰესის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. 

 "ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები… ნებართვა მას შემდეგ გაიცემა, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ შენიშვნებს. შენიშვნების დამუშავების შემდეგ, ვაპირებთ გავცეთ ნებართვა“, — აღნიშნა აგულაშვილმა. 

 მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ცვლილებები შეიტანოს ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტში. ცვლილებები ეხება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენების პირობებს. 

 2011 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Trans Electrica" —ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, სადაც განსაზღვრულია საქართველოს მიერ ზამტარში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარების პირობები და დანარჩენ თვეებში ნამეტი ელექტროენერგიის ექსპორტირების უფლება.

 მოლაპარაკებები მემორანდუმში ცვლილების შესახებ ინვესტორ კომპანიასთან უკვე დაწყებულია. 

 

.


ყველა ახალი ამბავი
0