თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების არეალი ერაყისა და სირიის საზღვრებს უკვე გასცდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაზე სამშაბათს, 15 სექტემბერს, იუწყება „სპუტნიკ აზერბაიჯანი“.
„ამ ორგანიზაციის საქმიანობა ერაყისა და სირიის საზღვრებს უკვე შორს გასცდა. ტერორისტები მასობრივ დახვრეტებს აწყობენ, ხალხში ქაოსსა და სიღატაკეს ნერგავენ, ანადგურებენ კულტურის ძეგლებს, რელიგიურ სიწმინდეებს“, — განაცხადა პუტინმა.
მისი განმარტებით, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის გეოპოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადება და ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმაა აუცილებელი.
„ელემენტარული ჯანსაღი აზრი, გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, ამ საფრთხის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანებას მოითხოვს. აუცილებელია გეოპოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადება და ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმა, ცალკეული ტერორისტული დაჯგუფებების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების პოლიტიკაზე უარის თქმა საკუთარი კონიუნქტურული მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ვინც არ უნდა იყოს, მისთვის არასასურველი მთავრობებისა თუ რეჟიმების შეცვლა“, — განაცხადა პუტინმა.
„სირიის გარშემო არსებული ვითარება — აქ საქმე ძალზე სერიოზულადაა. ე. წ. „ისლამური სახელმწიფო“ ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებს. ტერორისტები სახალხოდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია მექა, მედინა, იერუსალიმი, მათ გეგმებშია აქტიურობა ევროპაში, რუსეთში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში — ჩვენ ეს გვაშფოთებს“, — განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ბოევიკები, იდეოლოგიურ და სამხედრო მომზადებას გადიან, „და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაშფოთებს ჩვენს ტერიტორიებზე მათი შესაძლო დაბრუნება“, — განაცხადა პუტინმა.
ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფო”, დღეს, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. სამ წელიწადში ტერორისტებმა ერაყის და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა შეძლეს. გარდა ამისა, ისინი საკუთარი გავლენის ჩრდილოეთ აფრიკის, კერძოდ, ლიბიის ტერიტორიაზე გავრცელებას ცდილობენ. სხვადასხვა შეფასებებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოცულობა 90 ათას კვ/კმ–ს აღწევს. ტერორისტებმა საკუთარი კანონებითა და ხელისუფლების შტოებით ე.წ. „ხალიფატი“ გამოაცხადეს. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 50–დან 200 ათას ბოევიკამდე მერყეობს.
მოსკოვმა, გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, საერთაშორისო კოალიციას სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ არაერთხელ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვის მოსაზრება იმას ეფუძნება, რომ სირიის შეიარაღებულ ძალებთან ქმედებების კოორდინაცია ტერორიზმთან ბრძოლაში ფართო კოალიციის ფარგლებში ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს.