თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, 15 სექტემბერს ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ილირ მეტასთან (Ilir Meta) შეხვედრა გამართა.
პოლიტიკოსებმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს იუსტიციის სფეროში აქტიური თანამშრომლობის საკითხს.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას. ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ალბანეთის ძალზე მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ", — განაცხადა ილირ მეტამ.
ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარე სამშაბათს, 15 სექტემბერს ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. მხარებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.