თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რთველის პერიოდში პროვოკაციაში დაადანაშაულა.
ენმ მხარს უჭერს ქართველი მევენახეების საპროტესტო აქციებს სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კერძო საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც ყურძენზე დაბალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კერძო სექტორისგან თეთრ ყურძენს 60 თეთრად (დაახლოებით 25 ცენტი), ხოლო წითელს 85 თეთრად (დაახლოებით 35 ცენტი) იბარებენ. მევენახეები კი ერთ კილოგრამ ყურძენში 1 ლარის (დაახლოებით 42 ცენტი) გადახდას ითხოვენ.
„ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტებული ორგანიზაცია, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, 20-30 კაცის მეშვეობით, ინტრიგნული და პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის პოზიტიური სურათის გაფუჭებას, ფონის გაუარესებასა და მოსახლეობის დაძაბვას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ღარიბაშვილმა ასევე დაადანაშაულა გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი იმაში, რომ ის ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მითითებებს აძლევს, არ შეისყიდონ მოსახლეობისგან ყურძენი მაღალ ფასში. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა შსს–ს თანამშრომლებს, კანონის ფარგლებში მაქსიმალურად გააკონტროლონ სიტუაცია და გააძევონ პროვოკატორები.
დეპუტატმა ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ის პრემიერის განცხადების შემდეგ გურჯაანში გამართულ აქციაზე სცემეს.
„ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ პოლიციის მხრიდან გამოვიდა ადამიანი და მე — გურჯაანის დეპუტატს — დამარტყა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა“, — თქვა დაზარალებულმა ღვინიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ეთერში.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულს ბრალი „ცემის“ მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 14 სექტემბრისთვის რთველი სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონებში მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავებაში ჩართულია 21 საწარმო, რომელთაგან 6 სახელმწიფომ დაიქირავა.