თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე საქართველო, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი", ლევან თუთბერიძის სოციალური დრამით „მოირათი“ წარდგება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
თუთბერიძის კინოფილმს კონკურენციას რეჟისორ მოჰსენ მახმალბაფას ფილმი „ პრეზიდენტი“ უწევდა, რომელიც საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია.
„ოსკარზე“ წარსადგენი ფილმების შესარჩევ ჟიურიში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძე, ასევე მსახიობი ნატა მურვანიძე იყვნენ.
ფილმი სან–სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და როგორც კინოცენტრში აღნიშნეს, ფილმი „მოირა“ აბსოლუტურად აკმაყოფილებს ამერიკული კინოაკადემიის აუცილებელ სტანდარტებს.
„მოირას“ ამერიკის კინოაკადემია 1 ოქტომბრამდე წარადგენს. მოხვდება თუ არა ქართული ფილმი „ოსკარზე“ წარდგენილ ნომინანტ ფილმებს შორის, ცნობილი მომავალი წლის იანვარში გახდება, როდესაც კინოაკადემიის შიდა შესარჩევი ტური გაიმართება. „ოსკარის“ ნომინანტი ფილმები 2016 წლის იანვარში გახდება ცნობილი.
„ოსკარის“ გადაცემის რიგით 88–ე ცერემოია, 2016 წლის 28 თებერვალს გაიმართება.
„მოირა“ ძველბერძნულ მითოლოგიაში – ბედისწერის ქალღმერთია. ლევან თუთბერიძის ფილმი არის ძმების შესახებ, რომელთაც პატარა თევზსაჭერი გემი ჰყავთ და ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.
ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა, ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ფილმში მონაწილეობას იღებენ მსახიობები: პაატა ინაური, გიორგი ხურცილავა, ზაზა მაღალაშვილი, ქეთი ცხაკაია, ჯიო იზორია, ანი ბებია და სხვები. ფილმზე ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრე მუშაობდა, მუსიკა ნუკრი აბაშიძეს ეკუთვნის.
ფილმ “მოირას“ პრემიერა საქართველოში 2015 წლის ზაფხულში, საზღვრისპირა სოფელ დიცში, „ზაფხულის კინოსკოლის“ ფორმატში გაიმართა.
თბილისის კინოთეატრებში თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა, უცნობია, თუმცა, ბათუმში კინოჩვენება 23–დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
გასულ წელს, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“ იყო წარდგენილი, თუმცა, იგი „ოსკარზე“ ნომინირებულ ფილმებს შორის ვერ მოხვდა.