თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2015–ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება. ამის სესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.
ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები საქართველოს ყველა რეგიონშიც მოწყობილია. თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან — 2.50 ლარამდე მერყეობს.
თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ.
პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე: ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია); კონსტიტუციის ქუჩა; ნორიოს აღმართი (კუკია); პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი); პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი); რესპუბლიკის მოედანი;
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე: დაბა წყნეთი; 9 ძმის ქუჩა (კუკია); სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; გობრონიძის ქუჩა (მუხიანი); ლიბანის ქუჩა (ავჭალა); პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი); ჩოლოყაშვილის ქუჩა; ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია); ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი);
ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.
„რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის დაწყებიდან — 20 აგვისტოდან, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. სულ დარეგისტრირდა 87 კომპანია.
„რთველი 2015“-ის ფარგლებში, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირებისა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება „რქაწითელის“, „კახური მწვანესა“ და „საფერავის“ სუბსიდირებაზე.
მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა.