იაპონიაში ვულკანი ასო ამოიფრქვა

© photo: Sputnik / Alexander Piragis / გადასვლა მედიაბანკშივულკანის ამოფრქვევა
ვულკანის ამოფრქვევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასოს ამოფრქვევის მომენტში კუმამოტოს პრეფექტურაში საბაგირო გზასთან ათამდე ტურისტი იმყოფებოდა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ვულკანი იაპონიის სამხრეთში მდებარე კუმამოტოს პრეფექტურაში ამოიფრქვა. ქვეყნის მთავარმა მეტეოროლოგიურმა სამმართველომ ვულკანის საფრთხის დონე ხუთბალიან შკალაზე სამ ბალამდე ასწია, იუწყება ფუკუოკას მეტეოროლოგიური სამმართველო. 

ვულკანი ასო 4:49 საათზე ამოიფრქვა. ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე ვიდეოკამერებმა ფერფლისა და კვამლის ღრუბლის სწრაფი გავრცელება დააფიქსირა. ფერფლისა და კვამლის სვეტის სიმაღლე 2000 მეტრს აღწევდა. ევაკუირებულია ათამდე ტურისტი, რომლებიც ამოფრქვევის მომენტში საბაგირო გზასთან იმყოფებოდნენ. ნგრევისა და  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ასოს კალდერა (ვულკანური წარმოშობის ღრმული) სიდიდით მეორეა იაპონიაში. ის 25 კილომეტრზეა გადაჭიმული ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და 18 კილომეტრზე — დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე. ასოს მთაზე ვულკანის ამოფრქვევა რეგულარულად ხდება. 

1979 წლის შემდეგ ეს იყო უმსხვილესი ამოფრქვევა ასოზე, მიაჩნია ვულკანოლოგს, კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორ კაძუჰირო ისიჰარას. 

„აშკარაა, რომ კრატერიდან რაღაც მიზეზით ერთდროულად გამოიტყორცნა სედიმენტები (მყარი ნაწილაკები  — რედ.). ეს ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევაა 1979 წლის შემდეგ  . შესაძლებელია წარმოიქმნას პიროკლასტიკური ნაკადები (მაღალი ტემპერატურის ვულკანური აირების, ფერფლისა და ქვების ნარევი, — რედ.)“, —  განაცხადა პროფესორმა ტელეკომპანია  NHK–ს პირდაპირ ეთერში. 

იაპონელმა ვულკანოლოგებმა გამოთვალეს, რომ იაპონიაში მძლავრი ამოფრქვევის ალბათობა ასი წლის განმავლობაში 1%–ია და ის შეიძლება შეეხოს 127 მილიონიანი ქვეყნის 120 მილიონ მაცხოვრებელს. იაპონიაში დედამიწის ყველა ვულკანის 7%–ია კონცენტრირებული. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0