თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ძლიერ დაზიანდა, კვირას მუშაობა განაახლა და სტუმრებს კვლავ იღებს.
თბილისს ძლიერი წვიმა, სეტყვასა და ქართან ერთად, 13 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
სტიქიის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე ინტენსიური გამწმენდი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ზოოპარკის ნაწილია გახსნილი — მეორე და მესამე იარუსები, ხოლო ვოლიერების პირველი რიგი, სადაც ლომები, მაიმუნები და დათვები იყვნენ განთავსებული და რომელიც სრულად დაიტბორა, აღდგენას არ ექვემდებარება.
„ყველაფერი დაზიანებული იყო — საკანალიზაციო სისტემაც და მთელი ინფრასტრუქტურა. პირველი იარუსი აღდგენას არ ექვემდებარება, რამდენადაც ის მთლიანად დაიტბორა, ხოლო დანარჩენი, ზოოპარკის ზედა ნაწილი ახლა უკვე გახსნილია და მნახველებს ელოდება“, — განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს, სტიქიიდან 3 თვეში, დილის 10.00 საათზე გაიხსნა. ზოოპარკს არანაირი საზეიმო, პომპეზური გახსნა არ მოუწყვია. ადმინისტრაციამ პირველი დამთვალიერებლები უფასოდ შეუშვა. შესასვლელთან დილიდან ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც გამოქვეყნებული იყო ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ, ასევე იმ ცხოველების ფოტოები, რომლებიც წყალდიდობას ვერ გადაურჩნენ.
საბავშვო ატრაქციონების მფლობელებმა დანგრეულ კარუსელებს პირვანდელი სახე დაუბრუნეს და თავიანთ სტუმრებს ელოდებიან. შუადღისას მნახველთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, მათი რაოდენობა მაინც ბევრი არ ყოფილა. ამასთან, თანამშრომლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავიანთ ერთგულ სტუმრებს თანდათან დაიბრუნებენ.
წყალდიდობის დროს ზოოპარკმა 277 ცხოველი დაკარგა. ახლა დამთვალიერებლებს 300-მდე ცხოველისა და ფრინველის ნახვა შეუძლიათ. დირექტორი გვპირდება, რომ 2016 წლის გაზაფხულამდე ზოოპარკს ახალი, დაახლოებით 150 სხვადასხვა ბინადარი შეემატება.
„ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ საზაფხული არდადეგების შემდეგ ბავშვებს ზოოპარკში წასვლა კვლავ შეძლებოდათ… მართალია, ახლა მას ისეთი ფორმა აღარ აქვს, როგორც ადრე, რადგანაც სტიქიის დროს დიდი ნაწილი დაზიანდა. მაგრამ ჩვენ ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ და ამისთვის პირველი სახსრები უკვე გამოიყო“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.