საქართველო: ჯაზი - ცხოვრების განუყოფელი ნაწილი (მე-2 ნაწილი)

© photo: Sputnik / Пищальников / გადასვლა მედიაბანკში"ორერა"
ორერა - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნოდარ ბროლაძე

საქართველოს დედაქალაქმა მსოფლიო ჯაზის რუკაზე, როგორც ჯაზური მუსიკის ერთ-ერთმა ცენტრმა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მყარად გაიდგა ფესვები. ეს ყოველწლიური ჯაზის ფესტივალის დამსახურებაა, რომელიც თბილისში 1995 წლიდან უცვლელად ტარდება. ეს რაც შეეხება შემოდგომის ფორუმებს, მაგრამ ამას გარდა, კიდევ გასათვალისწინებელია ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალები ბათუმის სანაპიროზე. სხვათა შორის, საქართველოში ჯაზური მოძრაობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, გააქტიურდა 70-იან წლებში, ხოლო 80-იან წლებში ფესტივალები ჩატარდა, რომლებმაც ჯაზის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია სენსაციური ფესტივალი 1989 წელს, რომელმაც ერთდროულად რვა ამერიკული ანსამბლი შეკრიბა და თითოეულ მათგანში ლეგენდარული შემსრულებლების — უმაღლესი რანგის ვარსკვლავების ყოფნამ — ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორ ხდებოდა ეს ყოველივე?

2. ახალი მოვლენა კულტურულ სივრცეში   

ჯაზური მუსიკა იმ პერიოდში, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია 60-იან წლებზე, აღიქვეს და აიტაცეს არა მხოლოდ სტაჟიანმა ხელოვნების მოყვარულებმა, ახალგაზრდებმა, არამედ, ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოზარდებმაც და ყოფილა შემთხვევები, რომ პატარა შემსრულებლებმაც. განსაკუთრებით ნათლად ეს ათი წლის ირმა სოხაძის მაგალითზე გამოვლინდა. სწორედ ამ ასაკის იყო და შეიძლება, უფრო პატარაც, როდესაც ირმამ, საკონცერტო დარბაზისა და ტელე-აუდიტორიის გასაკვირად, უცბად ელა ფიცჯერალდის რეპერტუარიდან არც თუ იოლად შესასრულებელი კომპოზიცია „მისტერ „პაგანინი“ იმღერა. ამას ყველა დაადასტურებს, ვინც მაშინ ეს საოცარი შესრულება მოისმინა. მან საორკესტრო თანხლებით იმღერა, რომელსაც კონსტანტინ პევზნერი ხელმძღვანელობდა. მისმა შესრულებამ აღაფრთოვანა როგორც ორკესტრის ხელმძღვანელი, ისე მუსიკოსები და მთელი დარბაზი. ამის შემდეგ ირმა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა, გულწრფელ გაკვირვებასა და სიხარულს იწვევდა მსმენელში და ნიჭიერი პატარა ვოკალისტის რეპუტაციას იმტკიცებდა.

60-იანი წლების შუა პერიოდში საესტრადო მუსიკაში ჯაზური რიტმებისა და ინტონაციების გამოყენება მოდად იყო ქცეული, რაც უფრო გახშირდა და გამომსახველი გახდა. ყველაზე მეტად ეს ანსამბლ „ჩანგის“ კომპოზიციებსა და არანჟირებებში შეიგრძნობოდა. მისი ხელმძღვანელი — მოსკოველი კომპოზიტორი და პიანისტი ბორის რიჩკოვი მრავალ ნაწარმოებს — ვოკალურსა თუ ინსტრუმენტულს — იმ ხიბლს აძლევდა, რომელიც ჯაზურ ჩარჩოებში მოქცეულ კომპოზიციებს ჩვეულებრივი სიმღერებისგან განასხვავებს.

ანსამბლის სოლისტი გიული ჩოხელი, რომელთანაც რიჩკოვმა ოჯახი შექმნა, შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩეოდა. ის განსაკუთრებული იყო, როგორც სწორედ ჯაზის მომღერალი საზღვარგარეთული ტურნეების დროსაც. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იმ სახის ჯაზი მხოლოდ შემოქმედებითი შესაძლებლობების სინჯი იყო იმ პირობებში, რომელიც გასაგები, იდეოლოგიური მიზეზების გამო, ზღუდავდა რეპერტუარს და ამავე დროს, ნებისმიერ შემსრულებელს თავისი ნიჭის ბოლომდე რეალიზებას უზღუდავდა.

დროის იმავე მონაკვეთში აღსანიშნავი მოვლენა გახდა საფორტეპიანო ტრიო „კავკასიის“ შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ბაქოელი პიანისტი ვაგიფ მუსტაფა-ზადე, კონტრაბასისტი გენო ნადირაშვილი  და დასარტყამი ინსტრუმენტები — ფელიქს შაპსისი. პიანისტის მდიდარმა საკომპოზიტორო ნიჭმა და ინსტრუმენტის შესაძლებლობების ფართო გამოყენების უნარმა ჯაზური მუსიკა ახალი ნაწარმოებებით, მანამდე უცნობი ეროვნული ინტონაციებითა და სტილისტური ელფერით გაამდიდრა.

ვაგიფის ქართველ მუსიკოსებთან, პირველ რიგში, შესანიშნავ კონტრაბასისტ თამაზ ყურაშვილთან თანამშრომლობა, საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის, ვისაც ეროვნული მუსიკის ჯაზურად გარდაქმნა აინტერესებდა, თანაც ისე, რომ თემის თვითმყოფადობა არა მარტო არ იკარგებოდა, არამედ ახალ ჰარმონიულ და მელოდიურ შეფერილობას იღებდა.

1969 წელს ყურაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფილარმონიის წინ „ვარსკვლავი“ გაუხსნეს, საკმაოდ პოპულარულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „დიელოში“ მუშაობდა. ის, თავისი რეპერტუარითა და მიმართულებით, ჯაზ-ანსამბლი არ იყო, მაგრამ შემსრულებელთა შემადგენლობა ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ ჯგუფი სწორედ მუსიკის ამ მიმართულებისკენ იხრებოდა. ვოკალისტები შემთხვევით არ მღეროდნენ ინსტრუმენტული თანხლების ფონზე, რომელიც ხშირად ჯაზური ჰარმონიითა და ინტონაციებით იყო გაჟღენთილი.

ჯაზური იმპროვიზაციის ხელოვნების მრავალმა თაყვანისმცემელმა ამ მუსიკის პიკანტურობა და მიმზიდველობა 60-70-იან წლებში „დააგემოვნა“, როდესაც თბილისში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ჩამოვიდნენ: კლარნეტისტი ბენი გუდმანი და მისი ორკესტრი, პიანისტ ერლა ჰაინსის ტრიო, მესაყვირე ტედ ჯონსისა და დასარტყამებზე შემსრულებელ მელ ლიუისის ბიგ-ბენდი, ნიუ-ორლეანური ორკესტრი „პრეზერვეიშნ-ჰოლ ჯაზ ბენდ“ თავისი მხნე, 83 წლის მესაყვირე ტომი ვალენტაინთან ერთად.  

მაშინ ვერავინ ივარაუდებდა, რომ წინ მათ ბევრად ნათელი, შეიძლება ითქვას ჯადოსნურიც და თანაც ყოველწლიური ჯაზის საღამოები ელოდებოდათ, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ ამერიკელი თუ სხვა ქვეყნების მუსიკოსები. საქართველოში თავისი ყველაზე მძლავრი სტარტი ჯაზმა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. ისტორიული საზომით, სულ ცოტა დროღა იყო დარჩენილი…

მოკლედ ვთქვათ იმის შესახებ, რომ საქართველოში მეორე მსოფლიო ომის წინ, ომის დროს ან შემდეგ პერიოდში დაბადებული თაობა საინტერესო პროცესების მოწმე გახდა. ბოლოს და ბოლოს, საქმე ადგილობრივ, დაბადებიდან ნაცნობ, ხალხურ მელოსს არ ეხება, არც კლასიკურ მუსიკას. საუბარია ხელოვნებაზე თავისი მრავაფენიანი თვითმყოფადობით, რომელიც სხვა კონტინენტზე და სხვა ისტორიულ თუ სოციალურ-პოლიტიკურ პირობებში აღმოცენდა. მისი აღქმა ადვილი არ არის. უნდა შეიგრძნო, რომ არა მარტო შეგიძლია განიმსჭვალო ჯაზის მაგიური პულსაციითა და ჰარმონიით, არამედ თავი უნდა გამოხატო ამ ხელოვნებაში, გაამდიდრო იგი ახალი შინაარსით; უნდა გაატარო საკუთარ რეცეპტორებში, საკუთარ მსოფლაღქმაში და ცხოვრების ხედვაში; საკუთარი თავისთვის ახალი სამყარო უნდა გახსნა და ამავდროულად, იმავე საფუძველზე, საკუთარი შექმნა, ეს კი მისაღები ფორმების სესხების გზით უნდა გააკეთო ისე, რომ არ მიბაძო იმას, რაც აღმოაჩინე და რამაც გაგაოცა.

თუმცა, ყოველივე ეს, როგორც აღმოჩნდა, არც ისე იოლია. ასეთ შემთხვევებში,  მნიშვნელობა ჯაზის ზოგადსაკაცობრიო არსს ენიჭება, მის გახსნილობას, რომელიც მიმართულია ახალი კულტურების შეცნობისკენ – გაიაზროს იმ სიცოცხლისმომნიჭებელი  მუსიკის აზრი, რომელიც ემოციების ყველაზე მრავალფეროვანი, გასაოცარი სპექტრისგან შედგება და არასდროს დგას ერთ ადგილზე, ყოველი შესრულებისას ხელახლა ქმნის თავის თავს. ერთ კომპოზიციას აურაცხელი ვერსია შეიძლება ჰქონდეს და თითოეული მათგანი დამოკიდებულია მუსიკოსის აზროვნებაზე, მის წარმოსახვაზე, ტექნიკაზე და ა. შ.  

ეს ქართველმა მუსიკოსებმა დროულად გააცნობიერეს, გააგრძელეს ახალი ხელოვნების შესწავლა. ჯაზის სამყაროს გათავისება და მასში წვდომის პროცესი გრძელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენების, შეცნობისა და საქართველოს კულტურულ სივრცეში განსაკუთრებული ფენომენის შექმნის იმედს იძლეოდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0