ზუგდიდი, 13 სექტემბერი — ბესიკ ფიფია, Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სუპერთანამედროვე სამედიცინო კლინიკა შენდება. სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, უშუალოდ ემიჯნება აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დანარჩენ საქართველოსთან და ცნობილია იმით, რომ საბჭოთა პერიოდში აქ ყოველწლიურად ტარდებოდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის ფესტივალი.
მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი 220 კაცზეა გათვლილი. იგი აღჭურვილი იქნება ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში იმუშავებენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მუშაკები, მათ შორის ზუგდიდელები, რომელთაც აქვთ მუშაობის გამოცდილება აშშ-ს, გერმანიის, ისრაელის, იაპონიის, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის კლონიკებში. რუხის სამედიცინო ცენტრის მომავალი მუშაკები ეხლა გადამზადებას საზღვარგარეთის კლინიკებში გადიან.
იგეგმება, რომ აფხაზი მოსახლეობისათვის კლინიკაში მკურნალობა უფასო იქნება. ავადმყოფთა თანმხლები პირებისათვის სამედიცინო დაწესებულების გვერდით სამვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.
მშენებლობას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს და მისი საპროექტო ღირებულება 41 მილიონი ლარია. მშენებლობა გეგმის მიხედვით 2016 წელს უნდა დასრულდეს. სამედიცინო ცენტრი 600-მდე ადამიანს მოემსახურება.