თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ავტომატებით შეიარაღებული რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ჯაჭვად ჩადგა საზღვრის გასწვრივ დაბა რიოსკეში (ჩონგრადის ოლქი, უნგრეთი), სადაც ლტოლვილთა ნაკადი უკონტროლოდ კვეთს საზღვარს. იქვე ახლოს დგას მათი ავტომანქანებიც. 15 სექტემბრის ღამეს, უნგრეთში ძალაში შევა კანონთა პაკეტი ლტოლვილებზე და საზღვარზე, რომელიც გასულ კვირას იქნა მიღებული. საზღვრის არალეგალური გადაკვეთა ციხით ან დეპორტაციით დასჯადი დანაშაული იქნება. ასევე დანაშაული იქნება სასაზღვრო კედლის გაფუჭება ან მისი გადაკვეთის მცდელობა. გარდა ამისა მკაცრდება სასჯელი კონტრაბანდისტებისათვის, რომლებსაც არალეგალები საზღვარზე გადაჰყავთ.
ამასთან, გაურკვეველია რა ბედი ეწვევა ათასობით ლტოლვილს, რომლებიც საბერძნეთის, მაკედონიისა და სერბეთის გავლით უნგრეთის საზღვრისაკენ მიემართებიან, მაგრამ ვერ მოასწრებენ მის გადაკვეთას 15 სექტემბრამდე. თვითმხილველთა თქმით, საბერძნეთი, რომლის კუნძულებზეც თურქეთიდან წამოსული ლტოლვილები ჩადიან, კვლავ უკონტროლოდ ატარებს მათ თავის ტერიტორიაზე. ლტოლვილები, რომლებიც საზღვარს რიოსკეში კვეთენ, ასევე ყვებიან, რომ მათ კვალდაკვალ „უამრავი ადამიანი მოდის“.
საზღვრის დაცვის ფუნქციის არმიისათვის გადაცემის საკითხს (ეხლა მას პოლიცია აკონტროლებს) უნგრეთის პარლამენტი მხოლოდ 22 სექტემბერს განიხილავს.
2015 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, ყოველდღიურად მათ რიგებს ათასობით ახალჩასული ავსებს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ახლანდელი მიგრაციული კრიზისი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული.