თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ერევანში, შაბათის ღამეს, პოლიციამ მარშალ ბაგრამიანის გამზირის სავალ ნაწილზე განთავსებული მომიტინგეები ტროტუარებისაკენ გააძევა. პარასკევს, რამადნიმე ასეულმა ერევნელმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ელექტროენერგიის ფასის გაზრდის გამო, კვლავ გადაკეტა ცენტრალური გამზირი სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად. შაბათ დილისათვის, იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა.
შაბათ დილას 05:30 წუთზე (ემთხვევა თბილისის დროს), პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის სავალი ნაწილის განთავისუფლება მოსთხოვა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კანონიერი ზომების გამოყენებით დაემუქრა.
ამ დროისათვის გამზირის სავალი ნაწილი მომიტინგეთაგან გაწმენდილია. ისინი ვინც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, პოლიციის განყოფილებებში არიან გადაყვანილნი. მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. მომიტინგეთა დაშლისას სპეცსაშუალებები არ გამოყენებულა.
აქციის ორგანიზატორია ჯგუფი — „არა ძარცვას!“ — სომხეთში ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ფარგლებში მოქმედებს. ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორი მაქსიმ სარგსიანი აცხადებს, რომ დემონსტრანტები აპირებენ ქუჩის საპროტესტო აქციების გაგრძელებას, მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები: გაუქმდეს გადაწყვეტილება 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე, ჩატარდეს სრული გამოძიება 23 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტზე და შემცირდეს 1 აგვისტომდე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფი.
კომპანიამ „სომხეთის ელექტრო ქსელები“, რომელიც რუსულ ჰოლდინგ "Интер РАО"-ს ეკუთვნის, მაისში, სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების კომისიას წარუდგინა განაცხადი ტარიფის მომატებაზე — ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 30%-ზე მეტი ოდენობით. კომისიამ 17 ივნისის სხდომაზე არასრულად დააკმაყოფილა ელექტროგამანაწილებელი კომპანიის მოთხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის 16,7%-ით გაზრდაზე. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ერევანში საპროტესტო აქციების პროვოცირება გამოიწვია. მოგვიანებით, ხელისუფლებამ კომპანიის აუდიტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ტარიფის მომატების საფუძვლიანობის შესწავლაზე, ხოლო ამ დროის განმავლობაში ახალი ფასების დოტაციას სახელმწიფო მოახდენს.