თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. კოშკურა ამწე, რომელიც მექაში, ალ-ჰარამის მეჩეთში მომლოცველებს დაეცათ, გერმანულ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც სამშენებლო კონგლომერატი Saudi BinLaden Group მართავს, ნათქვამია გამოცემა Daily Mail-ს სტატიაში.
კომპანია Saudi BinLaden Group უსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნის და მოცემულ მომენტში ახორციელებს მეჩეთის გაფართოების პროექტს, რომლის ღირებულება 14 მილიარდი დოლარია. პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეჩეთს საშუალება ექნება ერთდროულად 2,2 მილიონი ადამიანი დაიტიოს.
Saudi BinLaden Group 1931 წელს მოჰამედ ბინ ლადენმა, უსამა ბინ ლადენის მამამ დააფუძნა. კომპანიას მრავალი სამშენებლო კონტრაქტი აქვს გაფორმებული საუდის არაბეთში.
ტრაგიკული ინციდენტი პარასკევს მოხდა. ბოლო მონაცემებით, კოშკურა ამწის ჩამოვარდნის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 238-მა ტრამვები მიიღო. ამწის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ძლიერი ქარი და წვიმები გამხდარიყო.
ალ-ჰარამის მეჩეთი — აკრძალული მეჩეთი, მსოფლიოში ყველაზე დიდი და მთავარი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოში მთავარი ისლამური სიწმინდე — ქააბა მდებარეობს.
მექა ამ დროისათვის ჰაჯის აღსრულების მსურველებითაა სავსე. ჰაჯი — პილგრიმობა მექაში. ამჟამად უდიდესი ყოველწლიური პილგრიმობა მსოფლიოში, რომელიც და ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება — მორალური ვალდებულება ყოველი ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანისთვის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში. მექაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჰაჯი მაჰმადიან ხალხთა სოლიდარობის დემონსტრაცია და მათ მიერ ალაჰისადმი (ღმერთისადმი) მორჩილების გამოხატვაა. პილიგრიმებს განსაკუთრებული ტანსაცმელი აცვიათ, ეს ტანისამოსი ერთნაირია, ამიტომ სხვადასხვა სოციალური ფენისა და კულტურის წარმომადგენელი ღვთის წინაშე თანაბარია. ჰაჯი ყურბან-ბაირამის დღესასწაულით სრულდება (წელს 24-26 სექტემბერს).