თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. 11 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით აგვისტოს ბოლოდან კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 4,4 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 930 ტონამდე რქაწითელი, 1 100 ტონამდე საფერავი, 260 ტონამდე კახური მწვანე და 2 000 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი, ამის შესახებ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო 11 სექტემბერს იტყობინება.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ყურძენს გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 ღვინის მწარმოებელი კომპანია. მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის კომპანია, რომელიც დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებიდან მიიღებს ყურძენს.
რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება, რასაც შესაბამისად სხვა ღვინის საწარმოების გახსნა მოჰყვება. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის კომპანია.
სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობიდან შეიძინოს ყურძნის დარჩენილი მოსავალი, რომელსაც გლეხებისაგან კერძო სექტორი ვერ აიღებს. 1 კოლო თეთრ ყურძენში სახელმწიფო 60 თეთრს გადაიხდის, ხოლო საფერავში 85 თეთრს. „რთველი 2015“ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მევენახეთა ნაწილი ყურძნის მინიმალური ღირებულების 1 კოლოგრამზე 1 ლარამდე გაზრდას ითხოვს. ისინი ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან, თუ ყურძენს მათთვის მისაღებ ფასში ვერ გაყიდიან.
უკმაყოფილო მევენახეების პასუხად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ყურძენზე ფასი ბაზრის მიერ რეგულირდება და სახელმწიფო ამ საკითხში არ ჩაერევა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით რთველის სუბსიდირებას. ბაზრებზე შემცირებული მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ სუბსიდიის გაცემა – ეს გახლავთ 35 თეთრი თეთრი ყურძნის შემთხვევაში და 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში და ეს ფასი არ გადაიხედება. საერთო ჯამში, მინიმუმ, 30 მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირებსი პროგრამა“, —განაცხადა დანელიამ.
გარდა ამისა არსებობს აგრარული ბაზრები, სადაც ერთი კილო ყურძნის ღირებულება 1 ლარზე ნაკლები არ არის, თქვა მინისტრმა.
„რთველი 2015“-ის ორგანიზების მიზნით, 25 აგვისტოს თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მევენახეთა და მეწარმეთა კომუნიკაციას.
შტაბის ხელმძღვანელად დანიშნულია ღვინის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.
ყურძნის მოსავლის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს.
„რთველი 2014“-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა. რთველის დაწყებიდან — 20 აგვისტოდან, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. სულ დარეგისტრირდა 87 კომპანია.
„რთველი 2015“-ის ფარგლებში, მიუხედავად ბიუჯეტის კორექტირებისა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება „რქაწითელის“, „კახური მწვანესა“ და „საფერავის“ სუბსიდირებაზე.
მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა.