მევენახეები მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ

© photo: Sputnik / Л. Антонов / გადასვლა მედიაბანკშირთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მევენახეთა მოთხოვნაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ყურძენზე ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ამაში არ ერევა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. უკვე მეორე დღეა გურჯაანის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ ქართველი მევენახეები, იტყობინება ქართული მედია. 

აქციის მონაწილეები მთავრობისაგან ითხოვენ ყურძენზე მინიმალური ჩასაბარებელი ფასის 1 კგ-ზე 1 ლარის დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან. 

 ხუთშაბათს, 10 სექტემბერს, აქციის მონაწილე მევენახეებმა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზა მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა. მაგრამ 11 სექტემბერს, პარასკევს, მევენახეებმა გზა ისევ გადაკეტეს და და ამას პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. 

 შეტაკების შედეგად 4 ადამიანი დააკავეს სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, რაც 250 —დან 2000 ლარამდე ჯარიმით ისჯება. 

 მანამდე, მევენახეთა მოთხოვნაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ყურძენზე ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ამაში არ ერევა. 

 „ჩვენ ბიზნესს ვერ ვუკარნახებთ, რადგან ბიზნესს თავისი მოთხოვნები აქვს და ამის გათვალისწინებით ბიზნესს ვერ ვეტყვით რა ფასი დააწესოს“, — აღნიშნა მინისტრმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა, რომელიც ასევე „რთველი 2015-ის“ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა ვერ შეძლებს ყურძნის გაყიდვას, სახელმწიფო მზადაა შეიძინოს დარჩენილი ყურძენი. 

 „სახელმწიფო კომპენსაციას გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ვერ შეძლებთ ყურძნის გაყიდვას“, — განუცხადა სამანიშვილმა აქციის მონაწილეებს. 

 „რთველი —2015-ის ფარგლებში“ მთავრობა აპირებს სამი ჯიშის ყურძნის სუფსიდირებას — რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. სახელმწიფო თეთრ ყურძენს 60 თეთრად ჩაიბარებს, წითელს კი 85 თეთრად. 

 „არსებული სუფსიდირება მაქსიმუმია და არ გადაიხედება, ვინაიდან აქ ყველაფერი გათვალისწინებულია“, — აღნიშნა მინისტრმა.

 „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 25 აგვისტოს გაიხსნა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 50 კომპანიაზე მეტი უკვე დარეგისტრირდა შტაბში და მზად არიან გლეხებისაგან ყურძენი ჩაიბარონ.


ყველა ახალი ამბავი
0