ლეგენდარული ქართველი სცენარისტი რევაზ ჭეიშვილი გარდაიცვალა

გამოწერა
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა მიუსამძიმრა მწერლის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, ასევე ქართულ საზოგადოებას.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინოსცენარისტი და დრამატურგი რევაზ ჭეიშვილი, იტყობინება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პარასკევს, 11 სექტემბერს. 

 „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი მწერალი, დრამატურგი რევაზ (რეზო) ჭეიშვილი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, —ნათქვამია უწყების შეტყობინებაში

 საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მიუსამძიმრა მწერლის ოჯახს, მეგობრებსა, ახლობლებს და ქართულ საზოგადოებას. 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო. რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაშიც. რეზო ჭეიშვილის სცენარით არა ერთი ფილმია გადაღებული, რომლებიც ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებად არის მიჩნეული“, — ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

 მწერლის გარდაცვალებაზე ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

  „რეზო ჭეიშვილის შემოქმედებას, მის განუმეორებელ ხელწერასა და ჰუმანიზმს, ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ვწუხვარ ამ მძიმე დანაკარგის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

 რევაზ ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. 1958 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

 რეზო ჭეიშვილმა პირველი მოთხრობები სტუდენტობისას ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. 1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში» რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე". რეზო ჭეიშვილი გახლდათ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, გაზეთ „მოწამეთისა და ჟურნალ „მწვანე ყვავილის“ რედაქტორი. იგი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს — ინფორმაცია") სცენარის ავტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რუსთაველის პრემიის ლაურეატი ფილმის "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" კინოსცენარისთვის 1985 წ. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე გახლდათ. 1992-1995 წლებში აირჩიეს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად.


ყველა ახალი ამბავი
0