თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობა ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს დაიწყოს ქართული ენის შესწავლა სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით, ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პრესსამსახური პარასკევს, 11 სექტემბერს იტყობინება.
შესაბამის მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II“ − ფარგლებში და ითვალისწინებს შემდეგს:
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“ ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ თემებში (განსკუთრებით, სასოფლო დასახლებებში) სამოქალაქო ინტეგრაციის, სათემო განვითარების, მოქალაქეთა საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის სრულყოფილად დაუფლების, საზოგადოებრივი ცენტრების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.
„ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ადმინისტრაციულ პროცედურებში უკეთ განსწავლულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. შესაბამისად, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის მომზადდება ადმინისტრაციული პროცესის სრულყოფასა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლის სწავლებასაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.