თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მეორე დღეა რაც შიშილობა გამოაცხადა, რისი მიზეზიც გარდაცვლილი გენერალ სეგო თეთრაძის საქმეზე სასამართლო სხდომის გადადება გახდა, განაცხადა მედიასთან საუბრისას ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა პარასკევს, 11 სექტემბერს.
ახალაია 2012 წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააკავეს. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე კი განაჩენი სასამართლომ უკვე გამოიტანა.
სერგო თეთრაძის საქმეზე ახალაიას სასამართლო წამებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
„ახალაია შიმშილს აგრძელებს, რისი მიზეზიც ე.წ „შპიონაჟის საქმის“ მოსმენის მუდმივი გადადებაა. იანვარში საქმე სასამართლოს გადაეცა, თუმცა, ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვა მოხერხდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო მოსმენა 24 ივლისს გაიმართა“, – აღნიშნა ადვოკატმა მედიასთან.
სასაამრთლო სხდომების გადადების მიზეზი – სხვადასხვაგვარია. რამდენიმეჯერ პროცესი პროკურატურის შუამდგომლობით გადაიდო. ბოლო სხდომა, რომელიც ხუთშაბათს უნდა ჩატარებულიყო, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, განმარტა ადვოკატმა.
გენერალი თეთრაძე, რომელიც ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, 2011 წლის 17 სექტემბერს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო გადაწყვეტილებით, იგი წინასწარი მოთავსების იზოლატორში 19 სექტემბერს გადაიყვანეს. თეთრაძე იმავე დღეს გარდაიცვალა. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ თეთრაძის გარდაცვალების საქმე ძიებაში დააბრუნა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გაცემული ყველა დასკვნა გაყალბებულია და გენერალი წამების შედეგად გარდაიცვალა.