თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. აზერბაიჯანმა ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა, იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი“ ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ასევე გააუქმა ევროკავშირის დელეგაციასთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც მომავალ კვირას უნდა გამართულიყო.
მანამდე ბაქოში ევროკავშირის წარმომადგენელი მალენა მარდი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ მახმუდ მამედ–გულიევმა მარდს მიანიშნა, რომ აზერბაიჯანი მწვავედ განიხილავს ევროკავშირის მიერ 2015 წლის 10 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას.
„რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციებითაა გაჯერებული. დოკუმენტში განსაკუთრებულად პოლიტიზებულია დანაშაულის ცალკეული შემთხვევები და ყოველივე ამის ფონზე, წინ წამოწეულია უსაფუძვლო პრეტენზიები“, – აღნიშნავს მამედ–გულიევი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ევროპარლამენტის მხრიდან მუდმივი შერჩევითი დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები მათთვის მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებას წარმოადგენს.