თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირის, ვიცე–პრემიერ კახი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მისი საქმიანობის შესწავლა მოითხოვა, განუცხადეს მედიას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
„მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა არეშიძემ ორგანიზაცია „ თბილისის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრს“ ტენდერის გარეშე მიანიჭა შაორის ტბაზე ახალგაზრდული ბანაკის გახსნა–დახურვის ცერემონიის გამართვის უფლება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარი (დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი) გამოიყო.
„ჩვენ განცხადება შევიტანეთ საქრათველოს პროკურატურაში… გიორგი არეშიძემ საკუთარი მეგობრის, ომარ გოგუაძის ორგანიზაციასთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც ასევე მუშაობს თბილისის მერიაში. მისი ორგანიზაცია ერთი თვის წინ შეიქმნა, ალბათ, სპეციალურად ამ მიზნით“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
„მედიატორის“ აზრით, არსებობს ბევრი ისეთი ორგანიზაცია, რომლებიც შეძლებდნენ გახსნა–დახურვის ცერემონიის ორგანიზებას რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, თუმცა, არეშიძემ მეგობრის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე.
ამის პასუხად გიორგი არეშიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ეს „ნაციონალური მოძრაობის“… მიზანმიმართული ნაბიჯია ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, რისთვისაც ისინი არასამთავრობო ორგანიზაციას იყენებენ… „თბილისის მერიის მხრიდან ბანაკის ორგანიზებისთვის გადარიცხულ თითოეულ ლარზე ვარ პასუხისმგებელი. საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შემიძლია დეტალური ინფორმაცია მივაწოდო“, — განაცხადა არეშიძემ პარასკევს, 11 სექტემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბანაკის ორგანიზებისას, სამართლებრივ ნაწილში კანონის დარღვევასთან, მინიმალურ გადაცდომასთანაც კი საქმე არ გვქონია. ბანაკმა ჩაიარა იდეალურად და სწორად ეს გახდა "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანების მიზეზი — ისინი გამუდმებით ცდილობენ, დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ ყველა წარმატებულ პროექტს მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა გიორგი არეშიძემ.
არეშიძემ სიცრუე უწოდა არასამათავრობო ორგანიზაციის ბრალდებას, რომ თითქოს საკუთარ მეგობართან, ომარ გოგუაძესთან გააფორმა ხელშეკრულება.
„ის არ გახლავთ არც ჩემი თანამშრომელი და არც ჩემი ბავშვობის მეგობარი… გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოვითხოვ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა კანონიერ უფლებას გამოვიყენებ. ასევე აღვნიშნავ, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საგამოძიებო უწყებასთან“, — განაცხადა მან.
თბილისის მერიამ შაორის ტბაზე ახალგაზრდული ბანაკი 20–30 აგვისტოს გახსნა, სადაც 400 სტუდენტი ისვენებდა. პროგრამა სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს მოიცავდა.