თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მეგობრები თბილისთან ახლოს, ცხვარიჭამიაში ისვენებდნენ. სოფლის გზაზე მიდიოდნენ. ზაფხულის თბილი დღე იყო. შესანიშნავი ამინდი იდგა, ხოლო პეიზაჟი — შთამბეჭდავი. გოგონებს სიმღერა მოუნდათ და ამღერდნენ, თან მობილური ტელეფონით იღებდნენ. მსოფლიო ქსელში მოხვედრილმა ამ კადრებმა სამი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.
„ჩვენს გართობას ხშირად ვიღებთ ვიდეოზე, — ჰყვება თათია მგელაძე — ის დღეც, როცა სოფელში უბრალოდ სასეირნოდ გამოვედით, გამონაკლისი არ ყოფილა. შოკში ვიყავით, როცა ორი დღის მერე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ვიდეო ინტერნეტში 300 ათასმა მომხმარებელმა ნახა. ამის მერე კი წავიდა… მნახველების რაოდენობა ყოველდღე უფრო და უფრო იზრდებოდა“.
თავად გოგონები თვლიან, რომ ასეთი წარმატების მიზეზი ის მტკიცე მეგობრობაა, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებთ.
ამ ისტორიას ცრურწმენის გარეშე არ ჩაუვლია. ჯგუფის დასახელება — „მანდილი“, რომელიც ქალის თავსაბურავს აღნიშნავს, უბრალოდ არ შეურჩევიათ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი გოგონას დედას დასიზმრებია, რომ ტრიოს სწორედ „მანდილი“ დაერქვა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა მათ.
„ჩვენი პირველი გამოსვლის დღეს დედამ სამსახურში წასვლამდე წერილი დამიტოვა, სადაც მთხოვდა, რომ ჯგუფისთვის ასე დაგვერქვა, — იხსენებს შორენა — ამაზე დიდხანს არ გვიფიქრია. ვფიქრობ, ეს დასახელება ჩვენს ჯგუფს იდეალურად მოუხდა“.
უნდა აღინიშნოს, რომ ანა, შორენა და თათია უბრალო გოგონები არიან და მათ სპეციალური განათლება არ მიუღიათ. სიმღერაც და ფანდურზე დაკვრაც თვითონ ისწავლეს. რა თქმა უნდა, ასეთი ახალგაზრდა ტალანტები პროფესიონალების ყურადღების გარეშე არ შეიძლება დარჩენილიყვნენ.
„რამ დაგვაინტერესა ასე გოგონებში?— კითხვას გვიბრუნებს ჯგუფის პროდიუსერი როსტისლავ მასლოვიჩი. — ალბათ, იმან, რომ გოგონების თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში, პრინციპში, ერთსა და იმავეს წერდნენ: „ეს ახალია!”, „ასეთი რამ არასდროს გვინახავს!“, „ეს ნაღდია!”. ძირითადად გულწრფელობამ, ბუნებრიობამ, სილამაზემ და ყველაფერმა, რისი ჩვენებაც გოგონებმა მთელი მსოფლიოსთვის შეძლეს, არის კიდეც ის, რამაც მე და ჩემს პარტნიორებს გვიბიძგა, დავხმარებოდით მათ, შედეგისკენ პროფესიული გზით წასულიყვნენ“.
ახლა გოგონებს არტისტებისთვის ჩვეული აქტიური მუშაობა აქვთ — გასტროლები, კონცერტები, სადებიუტო ალბომის ჩაწერა. ტრიოს წევრები ამბობენ, რომ ბოლო წელიწადში მათ თავს ისეთი რამ გადახდათ, რაზეც არასდროს უოცნებიათ.
„გვცნობენ ქუჩაში, გვეხმიანებიან, გვესალმებიან, — თავის შთაბეჭდილებებზე თათია საუბრობს. — ბოლოს, როცა კიევში ვიყავით,როგორც კი თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოვედით, აეროპორტის პერსონალმა გვიცნო. არტისტის ცხოვრებაში ეს, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როცა უყვარხარ და გცნობენ“.
უახლოეს მომავალში ტრიოს თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია ელოდებათ. მალე გოგონები ასევე თავისი პირველი ვიდეოკლიპის გადაღებებს შეუდგებიან. ახალგაზრდა მომღერლების გადატვირთულ გრაფიკში თავისუფალი დრო, პრაქტიკულად, აღარ არის. წინ კიდევ მრავალი კონცერტია. მათი უახლოესი გამოსვლა ამ თვის ბოლოს ბულგარეთში გაიმართება.