თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 3 მლნ 922,4 ათასი ადამიანი შეადგინა.
2015 წლის დასაწყისიდან საქართველოს ევროპის ქვეყნებიდან დაახლოებით 3 მლნ 817 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია; ამერიკიდან კი – 26 ათას 039 ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე 11%-ით მეტია. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზეა სომხეთი — 944 ათას 029 ადამიანი (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 14%-ით მეტი).
მეორე ადგილი აზერბაიჯანს უჭირავს — 932 ათას 054 ვიზიტორით (8%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი — 926 ათას 755 ადამიანი, რაც გასული წლის მაჩვენებლზე 6%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების რიცხვი რუსეთიდან 15%-ით გაიზარდა და 642 ათას 934 ადამიანი შეადგინა. უკრაინიდან შემოვიდა 94 ათას 312 ვიზიტორი, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 5%-ით ნაკლებია.
2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში პოლონეთიდან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით შემცირდა და 30 ათას 180 ადამიანი შეადგინა.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ შემდეგი ქვეყნები: გერმანია — 25 732 ადამიანი (12%-ით მეტი); აშშ — 21 223 ადამიანი (10%-ით მეტი); ყაზახეთი — 26 993 ადამიანი (36%-ით მეტი); ისრაელი — 38 002 ადამიანი (29%-ით მეტი).
2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა და 5 მლნ 515 ათას 559 ადამიანი შეადგინა.