საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაური დღესაც არ ეთანხმება მიღებული შესწორებების პაკეტს და მიიჩნევს, რომ ვეტოს დაძლევა „პარლამენტის სერიოზული შეცდომა“ იყო.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ცვლილებებს, რომელსაც მანამდე ვეტო დაადო, ხელი მოაწერა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

ცვლილებები ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან სამეთვალყურეო სამსახურის გამოსვლას გულისხმობს. მარგველაშვილი ეროვნულ ბანკზე ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნებასა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოითხოვდა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაური დღესაც არ ეთანხმება მიღებული ცვლილებების პაკეტს და მიიჩნევს, რომ ვეტოს დაძლევა „პარლამენტის სერიოზული შეცდომა“ იყო.

 „პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს ხელს არ მოაწერდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა რაიმე საბაზისო, ფუნდამენტურ ფასეულობას შეეწინააღმდეგებოდა. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია“, — განაცხადა პატარაიამ.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კენჭი 3 სექტემბერს უყარეს. ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მხარი არ დაუჭირეს.

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყვანის ინიციატივა უფრო პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა  პოლიტიკური ოპონენტები, რომლებმაც, მისი განცხადებით, ინვესტორების შესაშინებლად ხელოვნული აჟიოტაჟი ატეხეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0