თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან გამარჯვებისა (ანგარიშით 71:58) და ჰოლანდიის გუნდის საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრების ფლეი–ოფში გასვლის ბედი მხოლოდ საბერძნეთსა და ჰოლანდიას შორის შეხვედრის შედეგზე იყო დამოკიდებული, გუნდმა მატჩი ჩინებულად ჩაატარა.
პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და ქართველების მინიმალური უპირატესობით — 14:13 დასრულდა. მეორე მონაკვეთში ხორვატები, რომლებსაც საკუთარი გულშემატკივარი „ცეცხლს უკიდებდა“, წინ გავიდნენ ანგარიშით 25:28.
„ამ მატჩზე ზემოტივაციით აღსავსენი გავედით. კი, პირველ ნახევარში ყველაფერი არ გამოგვივიდა, მაგრამ შესვენების შემდეგ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ“, — აღნიშნა საქრათველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ.
და მართლაც, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა გუნდი გავიდა.
ქართველ კალათბურთელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. საშუალო დისტანციიდან ტყორცნათა რეალიზაციის პროცენტმა 50–ს გადააჭარბა, და ეს მაშინ, როცა ხორვატების მაჩვენებელი სულ 34% იყო. 19 სამქულიანი ტყორცნიდან შვიდი ზუსტი გამოდგა. მასპინძლებმა კი მხოლოდ ოთხჯერ მოახერხეს კალათში შორიდან ბურთის ჩაგდება. საქართველოს ნაკრებმა ასევე შესანიშნავად ითამაშა დაცვაში.
„ჩვენ არაფრით ჩამოვუვარდებოდით მოწინააღმდეგეს. მეოთხე მეოთხედში კი ხორვატებზე თავისუფლად ვითამაშეთ. მართლა ძალიან მიხარია. წარუმატებელი სტარტის შემდეგ გუნდი აშკარად გაიზარდა. რაც მთავარია, გამოვასწორეთ შეცდომები დაცვაში“, — განაცხადა გუნდის მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მერვედფინალში მისი მოწინააღმდეგე იქნება ლიტვის გუნდი, რომელმაც „დე“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
თამაში 13 სექტემბერს გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ლილში.