თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის ხელისუფლება აპირებს უფლება მისცეს რუსეთის მოქალაქეებს სომხეთის ტერიტორიაზე უცხოური პასპორტის გარეშე ჩავიდნენ. ამის შესახებ ხუთშაბათს, სომხეთის საგანგებო სიტუაციებისა და ტერიტორიული მმართველობის სამინისტროს, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გაგიკ ეგანიანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთის მოქალაქეთა სომხეთში შემოსვლისათვის, საკმარისი იქნება ქვეყნის შიდა პასპორტების ჩვენება… ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები პრობლემატური არ არის და სავარაუდოდ მოკლე ვადებში მოგვარდება“, — ციტირებს ეგანიანს ახალი ამბების გვერდი News.am.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასეთი ზომა მნიშვნელოვნად გაუადვილებს რუსეთის მოქალაქეებს სომხეთში მგზავრობას, ამით კი მოიზიდავს ტურისტთა ახალ ნაკადებს და ახალ ინვესტიციებს ბიზნესში.
„ძირითადი ნაკადები ჩვენთან ასე თუ ისე რუსეთთანაა დაკავშირებული და მაქსიმალურად შესაძლებელი ლიბერალიზაცია ყველასთვის ხელსაყრელი იქნება. თუ რუსები დაინახავენ, რომ ჩვენთან შემოსვლა იოლია, უფრო ხშირად ჩამოვლენ“,- დაასკვნა ეგანიანმა.