თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე პოპულარული ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ სოლისტი ქეთა თოფურია ვოკალური პროექტის „საქართველოს ხმის“ მეოთხე მწვრთნელი გახდება. პროექტი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2015 წლის ოქტომბერში დაიწყება.
თოფურიასთან ერთად, ჟიურის სავარძელს ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი და პროექტისთვის სპეციალურად ნიუ-იორკიდან ჩამოსული ნუცა შანშიაშვილი დაიკავებს.
მანამდე, მესამე სეზონის მწვრთნელების პოზიციაზე თეონა კონტრიძის, ნინა სუბლატის, სოფო ნიჟარაძის, ირინა ბაირამაშვილისა და დავით ფორჩხიძის კანდიდატურები განიხილებოდა.
შოუს თაყვანისმცემლები პირველ „ბრმა შერჩევას“ უკვე ოქტომბერში იხილავენ. პროდიუსერების თქმით, „ბრმა შერჩევის“ ოფიციალურ რეგისტრაციაზე ათასამდე პრეტენდენტი მივიდა. აქედან თავიდან შეარჩიეს 300 კანდიდატი, საიდანაც შოუში 85 საუკეთესო ხმა მოხვდა.
„საქართველოს ხმა“ ვოკალური სატელევიზიო შოუა, რომელიც „იმედის“ ტელეარხზე 2012 წლიდან გადის. ადრე პროგრამას „ახალი ხმა“ ეწოდებოდა. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები არიან სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი The Voice-ის ორიგინალური ფორმატის ქართული ანალოგია, რომელიც პირველად 2010 წელს ჰოლანდიურ ტელეარხ RTL4-ზე გამოჩნდა და The Voice of Holland ეწოდებოდა.