თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამჟამად ევროპისკენ მიმავალ ლტოლვილთა ნაკადს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური უწოდა.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მთელ მსოფლიოში, არასოდეს ყოფილა ამდენი ლტოლვილი, რამდენიც ეხლა“, — თქვა მერკელმა ოთხშაბათს ბუნდესტაგის ტრიბუნიდან.
2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ყოველდღიურად მათი რიგები ათასობით ახალჩასულით ივსება.
„სავარაუდოდ 800 ათასამდე კაცი შეიტანს განაცხადს ლტოლვილის სტატუსზე კონფლიქტის რეგიონებიდან ან ლტოლვილობაზე პოლიტიკური მოტივებით. ეს შესაძლოა (ლტოლვილთა) ყველაზე დიდი რაოდენობა გახდეს, რაც კი ოდესმე გერმანიაში დარეგისტრირებულა“, — თქვა კანცლერმა.
ამ ციფრებს მიღმა ცალკეული ადამიანების ბედისწერა და ტანჯვაა, „ამიტომ ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ და ვიღებთ მას“, — აღნიშნა მერკელმა.